როგორც კი ადამიანებმა ამბების მოყოლა დავიწყეთ, თითქმის მაშინვე ამ ამბავთა დეკონსტურქციით დავინტერესდით. საუკუნეების განმავლობაში თეორეტიკოსები, ფილოსოფოსები თუ სწავლულები ნარატიურ სტრუქტურებს მარტივ მამრავლებად შლიდნენ, რათა ის ფუნდამენტური ელემენტები ეპოვათ და გამოეყოთ, რომლებიც სძენენ ამბებს ფორმასა და მნიშვნელობას.

ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში არისტოტელე ამბის სტრუქტურებს სწორედ ასე იკვლევდა. რა თქმა უნდა, ოცდამეერთე საუკუნეში მეთოდები შეიცვალა — კომპიუტერული მეცნიერების განვითარებამ იმის უნიკალური შესაძლებლობა მოგვცა, რომ არა თუ ცალკეული ტექსტის შიდა ლოგიკა ვიკვლიოთ, არამედ მთლიანი ლიტერატურული ტრადიციების მასშტაბით გამოვკვეთოთ სქემები.

ამ მიზნით, რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა ენის ანალიზის ტექნიკა 1,700 მხატვრული ნაწარმოების გამოსაკვლევად გამოიყენეს და აღმოაჩინეს, რომ ყველაზე პოპულარულ ტექსტებში იკვეთებოდა ექვსი ძირითადი ემოციური განვითარება — ამბის სვლის ტრაექტორიები, რომლებიც ემოციური მუხტის გაძლიერებითა და შესუსტებით წარმოიშობა და მთლიანი ნარატივის საფუძველს ქმნის.

თუმცა ამბის არსი მხოლოდ ემოციური აღმასვლა-დაღმასვლით არ შემოიფარგლება. მეცხრამეტე საუკუნეში გერმანელმა მწერალმა, გუსტავ ფრაიტაგმა კლასიკური ტრაგედიის დრამატურგიული სტრუქტურის არისტოტესეული დაყოფა გამოიყენა და შეიმუშავა სისტემა, რომელსაც დღეს "ფრაიტაგის პირამიდის" სახელით ვიცნობთ.

"არსებითად, ფრაიტაგის ჰიპოთეზა გვეუბნება, რომ ამბის თხრობაში სამი ძირითადი პროცესია ჩართული", — ხსნიან ახალი კვლევის ავტორები, — "პირველ რიგში, მთხრობელი ამბის კონტექსტს განსაზღვრავს. მას შემდეგ, რაც ამბის ძირითადი ელემენტები სახეზეა, სიუჟეტის განვითარებაც იწყება, რომლის დროსაც პერსონაჟები დროსა და სივრცეში გადაადგილდებიან და მზარდი ინტენსივობით ამყარებენ ერთმანეთთან კავშირს. ამბის კულმინაცია კი ის ცენტრალური კონფლიქტი ან კოგნიტური დაძაბულობაა, რომელთან შეჭიდება და რომლის გადალახვაც პერსონაჟებს უწევთ".

კვლევის ავტორების თქმით, ამ ყველაფერს ამბის მთხრობელები ეგრეთ წოდებული "უჩინარი სიტყვებით" აღწევენ — ესაა ენის ის შეუმჩნეველი ნაწილი, რომლებიც "ფუნქციური" სიტყვებისგან — ნაცვალსახელებისგან, შორისდებულებისგან, წინდებულებისგან, ჩართული თუ კავშირებითი სიტყვებისგან შედგება (ზოგ ენაში ამ ჩამონათვალს არტიკლებიც ემატება).

წინადადების "შინაარსობრივ" წევრებთან — არსებით სახელებთან, ზმნებთან, ზმნიზედებთან და ზედსართავებთან — შედარებით, ფუნქციური სიტყვები, შესაძლოა, ერთი შეხედვით, მოსაწყენნიც კი ჩანდნენ. მაგრამ მათი ამბის შიგნით გამოყენების პრინციპი, მკვლევრების თქმით, იმ უნივერსალურ მოდელს ქმნის, რომელიც ყველა მხატვრულ ტექსტს უდევს საფუძვლად.

"იმისთვის, რომ მონათხრობიდან აზრის გამოტანა შევძლოთ, ყველაზე ფუნდამენტურ საფეხურზე ადამიანებს ამბის დასაწყისში 'ლოგიკური ენის' სიჭარბე ესაჭიროებათ. ამას კი მოჰყვება 'ქმედების' გამომხატველი ინფორმაციის ნაკადი, რათა ამბის სიუჟეტის განვითარება გადმოიცეს", — ამბობს კვლევის თანაავტორი, რაიან ბოიდი.

კვლევაში ბოიდმა და მისმა გუნდმა ინგლისურენოვანი 40 ათასი მხატვრული ტექსტი, მათ შორის, რომანები, ფილმის დიალოგები და მოთხრობები გააანალიზეს. შედეგებმა ანახა, რომ მწერლები ამბის დასაწყისში მეტ წინდებულებსა თუ არტიკლებს იყენებენ, რაც მათ პერსონაჟების წარდგენასა და ამბის კონტექსტის განსაზღვრაში ეხმარებათ.

სიუჟეტის განვითარებასთან ერთად იცვლება ენაც, რაც დამხმარე ზმნების, ზმნიზედების და ნაცვალსახელების მომატებით გამოიხატება. ამის პარალელურად, კოგნიტური დაძაბულობის გამომხატველი სიტყვების რაოდენობა ამბის კულმინაციამდე იმატებს, ხოლო შემდეგ, თხრობის დასკვნით ნაწილში — იკლებს.

მკლევრების მიერ შექმნილ ვებგვერდზე ენის ეს დინამიკა, რომელიც თანხვედრაში მოდის ამბის დრამატურგიულ სტრუქტურასთან, გრაფებითაა წარმოდგენილი. აქ ისეთი ცნობილი ნაწარმოებების გრაფებს შეხვდებით, როგორებიცაა "ქარიშხლიანი უღელტეხილი", " ინდიანა ჯოუნსი და დაკარგული კიდობნის მაძიებლები" და "კასაბლანკა".

მართალია, ყველა ტექსტში ენის ამგვარად გამოყენების პრინციპი პირწმინდად დაცული არაა, მაგრამ, მკვლევრების თქმით, უმრავლესობაში — არის. ამის საპირისპიროდ, არამხატვრული 30 ათასი ტექსტის (მათ შორის, The New York Times-ის სტატიების, TED-ის სიტყვით გამოსვლების და უზენაესი სასამართლოს საბრალდებო დასკვნების) კომპიუტერულმა ანალიზმა ანახა, რომ მათში ამბის გადმოცემა განსხვავებული პრინციპით ხდება.

რაც შეეხება იმას, თუ რამ გამოიწვია მხატვრულ ტექსტებში ენის ასეთი კონკრეტული ფორმით გამოყენება, ამაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. თუმცა, შესაძლოა, ეს ტენდენცია რაღაც მნიშვნელოვანს გვეუბნებოდეს იმაზე, თუ როგორც შევიმეცნებთ ადამიანები იმ ამბებში დატეულ ინფორმაციას, რომლებსაც ერთმანეთს ვუყვებით.

"მთავარი კითხვა აქ ისაა, თუ რატომ ახასიათებს მსგავსი ერთნაირი ნარატიული პროცესები ერთმანეთისგან ასე განსხვავებულ ამბებს", — წერენ კვლევის ავტორები, — "შესაძლოა, კვლევის დროს აღმოჩენილი სტრუქტურა ინფორმაციის გადაცემის ოპტიმალურ სისტემას წარმოადგენს. მაგალითად, თუკი ნარატივი ისეა აგებული, რომ ამბის დასაწყისშივე ზოგადი კონტექსტი არაა მოწოდებული, სიუჟეტის განვითარების მხარდამხარ მკითხველებს პერსონაჟების მოტივების, მიზნებისა და ქცევის გაგება შეიძლება გაუჭირდეთ.

"ევოლუციური პერსპექტივით, ამბის თხრობის სტრუქტურა იმის შესახებ გვაძლევს დასკვნების გამოტანის საშუალებას, თუ როგორ ვუზიარებთ ადამიანები ერთმანეთს ინფორმაციას. ამ გადმოსახედიდან, თხრობის ოპტიმალური სტრუქტურა, შესაძლოა, მომდინარეობდეს ჩვენი იმ ბუნებრივი მოთხოვნილებისგან, რომ ჯერ წარმოდგენა შევიქმნათ საგნებსა და ადამიანებზე და მხოლოდ ამის შემდეგ ვკონცენტრირდეთ მათ ქმედებებზე".

კვლევის მიგნებები ჟურნალ Science Advances-ში 7 აგვისტოს გამოქვეყნდა.