ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სვანეთში 20 სასტუმრო, 340 ოთახით საკარანტინო ზონად უკვე მოამზადა. მათივე ინფორმაციით, საკარანტინო ზონების შერჩევა გრძელდება.

"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს ნომერზე 144, რათა ისინი აღირიცხონ და საკარანტინო ზონაში ორგანიზებულად გადაიყვანონ", — აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, ვკითხულობთ, რომ ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ კარანტინი გაიარონ სვანეთში ან სხვა რეგიონში.

მათივე ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების საკარანტინო ზონაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით იმყოფებიან სვანეთში ორგანიზებულად, მეთვალყურეობის ქვეშ, საკუთარი ტრანსპორტით შეძლებენ საკარანტინო სივრცემდე მისვლას.

"მოქალაქეებს, რომლებიც სვანეთში იმ სასტუმროში იმყოფებიან, რომელიც უკვე საკარანტინო სივრცედ მოეწყო, დღეიდან 14 დღის განმავლობაში სახელმწიფო აუნაზღაურებს განთავსებისა და კვების ხარჯებს", — ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დღეიდან, 11 აგვისტოდან, მესტიის მუნიციპალიტეტში მოქმედებას იწყებს მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ტურისტული საინფორმაციო ცენტრისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებს ადგილზე გააცნობს სამოქმედო გეგმას და საჭირო ინფორმაციას.

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში შესვლა და გამოსვლა იზღუდება. ამას პოლიცია გააკონტროლებს.

ამასთან, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში პირბადეების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.