10 აგვისტოს პარტია რეფორმერში პარტიის თავმჯდომარის თორნიკე ჯანაშვილის და ეკონომიკის სფეროს ექსპერტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს და არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები: ლია ელიავა, დემურ გიორხელიძე, ნოდარ კაპანაძე, პაატა ბაირახტარი, გიორგი კაპანაძე და სხვები.

ვორქშოფის სადისკუსიო ნაწილში რეფორმერის ეკონომიკური გუნდის წარმომადგნელებმა ექსპერტებთან ერთად განიხილეს ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური გამოწვევები. რეფორმერის ლიდერებმა ისაუბრეს პარტიის ხედვებზე ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.

"ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია, ჩვენი პარტიის პროგრამა სისტემის ძირეულ ცვლილებებზე, თანამედროვე მიდგომებსა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზებზეა აგებული. რეფორმერის მთავარი მიზანია პირდაპირი დემოკრატია, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან, ჩვენი ხედვების გაზიარება და მათი მოსაზრებების მოსმენა პროგრამის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებამდე.

ახლა უმთავრესია მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიკაცია. ჩვენ თუ არ გამოვასწორეთ და განვავითარეთ ის გარემო, რაც გვაქვს დღეს, მომავალში ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. რეფორმერის პროგრამა იქნება პირდაპირი სახელმძღვანელო, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა და როგორ უნდა დავძლიოთ მძიმე კრიზისი, რომ წარმატებული და განვითარებული ქვეყანა გავხდეთ, რისი პოტენციალიც საქართველოს ნამდვილად აქვს", — აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი

პარტია რეფორმერის ლიდერები სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან შეხვედრებს მომავალშიც გეგმავენ.