ბეირუთის პორტში აფეთქებიდან ერთი კვირის თავზე ლიბანის მთავრობა გადადგომას აპირებს. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, ოფიციალური განცხადება უახლოეს საათებში გაკეთდება.

მთავრობის გადადგომას წინ უძღვოდა ფართომასშტაბიანი აქციები, რომელიც ბეირუთში აფეთქებას მოჰყვა. 4 აგვისტოს აფეთქების დროს 200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ასეულობით კი დაშავდა. დაინგრა და დაზიანდა შენობები და საცხოვრებელი სახლები.

ინციდენტის შემდეგ სამი მინისტრი უკვე გადადგა, თუმცა მოსახლეობა მთავრობის გადადგომას მოითხოვდა. ბევრი სწორედ მთავრობას ადანაშაულებდა აფეთქებაში, რომელიც, მოქალაქეების თქმით, გულგრილობისა და კორუფციის შედეგია.

აფეთქების გამომწვევ მიზეზად თავდაპირველად რამდენიმე ვერსია გავრცელდა. საუბარი იყო პიროტექნიკის აფეთქებაზე, სხვა ადვილად ფეთქებად ნივთიერებებზეც, თუმცა ოფიციალური პირები საწყობში 6 წლის მანძილზე შენახულ ძლიერ ფეთქებად ნივთიერებებზე საუბრობენ.

საქართველოს საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ბეირუთში აფეთქდა, იქ 2013 წელს, ბათუმიდან მოხვდა. უწყებაში განმარტავენ, რომ გემი, რომელიც ახორციელებდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა), ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციამ დააკავა. საუბარია მოლდოვას დროშით მცურავ მშრალტვირთმზიდ Rhosus-ზე.

აღნიშნულ საქმეზე პორტის 16 თანამშრომელი დააკავეს.

ამავე თემაზე: