ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნები ზეიმს შეადარა და განაცხადა, რომ ვიღაცებს "ამ ზეიმის ჩაშლა სურდათ". დსთ-ს მისიის წარმომადგენელთან, სერგეი ლებედევთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ აქციას უცხოეთიდან მართავენ.

"გესმით, ეს [არჩევნები] ზეიმია. ვიღაცას ამ ზეიმის ჩაშლა სურდა. ჩვენ ისინი დავინახეთ — ღამით ისინი უფრო მეტად გამოჩნდნენ. უცხოეთიდან დავაფიქსირეთ ზარები. პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან იყო ზარები. მართავდნენ, ბოდიში და ჩვენი ცხვრებით. მათ არ ესმით რას აკეთებენ და მათ მართვას იწყებენ", — განაცხადა ლუკაშენკომ.

9 აგვისტოს ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოყვა. გამოსვლები გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 10 პროცენტი.

ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, დემონსტრანტებისა და სპეცდანიშნულების რაზმის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხმის მიცემის პროცედურის დამთავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ამოქმედდა. დედაქალაქში კი არმიის შეიარაღებული ნაწილები შევიდა. საღამოს ექვსი საათისთვის მინსკის ყველა ცენტრალურ მოედანსა და სამთავრობო შენობასთან სპეციალური კორდონი იდგა, გაჩერდა ქალაქის სატრანსპორტო სისტემა, დაიხურა ქალაქიდან შესასვლელი და გასასვლელი გზები

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხალხის ნაწილი დაშავებულია, ნაწილი პოლიციამ დააკავა.

ამავე თემაზე: