ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, გია ვოლსკი ამბობს, რომ მისი კონკურენტი, ზურაბ ჯაფარიძე ახალგაზრდების მხარდაჭერას ელის და ვოლსკის "არქაული შეხედულებების" ადამიანად წარმოჩენას ცდილობს.

"ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ცდილობს თავისი ნიშა დაიკავოს, სადაც ახალგაზრდების მხრიდან მხარდაჭერას ელოდება და მე წარმომაჩინოს ისე, თითქოს, რაღაცა ძველი, არქაული შეხედულებების ადამიანი ვარ. რაც არა თუ არასწორია, არამედ საქმითაც დასტურდება.

ადამიანის ჩამორჩენილობა უნდა შევაფასოთ მისი დღევანდელი პოზიციით. ასე, რომ სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ რამდენი წლის არის, რომელი თაობის პრიადას ეკუთვნის უადგილოა. რამდენად მძიმეწონოსანია გამოჩნდება მის საქციელში", — განაცხადა ვოლსკიმ.

დღეს, 10 აგვისტოს გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარად იყრის კენჭს. მისი თქმით, კანდიდატურის წარდგენამდე მას წინასწარი კონსულტაციები რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან ჰქონდა, რომლებმაც კენთილგანწყობა დაუდასტურეს. მას იმედი აქვს, რომ ეს კეთილგანწყობა პოლიტიკურ მხარდაჭერაში გადაიზრდება.

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ზურაბ ჯაფარიძემ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციიდან მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭისყრა დააანონსა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მას საბანკო ანგარიშები დაუყადაღა.