ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ქართული ოცნება მუდმივად წარსულზე საუბრობს იმიტომ, რომ არაფერი აქვს სათქმელი მომავალზე.

"ისევ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მუდმივად საუბრობს წარსულზე, იმიტომ რომ არაფერი აქვს სათქმელი მომავალზე. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აშინებს ადამიანებს წარსულით, რომ არ მოითხოვონ უკეთესი მომავალი. ეს არის ძალა, რომელიც აზიანებს წარსულს იმისთვის, რომ ამით დაგვინგრიოს მომავალი", — აცხადებს იგი.

ბაქრაძის თქმით, ოქტომბრის არჩევნებზე "უარი უნდა ვუთხრათ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არ შეუძლია წინსვლის და პრობლემების მოგვარების შემოთავაზება".

"საქართველოში უნდა მოვიდეს პრო-დასავლური კოალიციური ხელისუფლება, რომელიც იმუშავებს მომავალზე და იმუშავებს იმაზე, რომ ადამიანებს დღეს არსებული პრობლემები მოუგვაროს და არ დააშინოს ისინი წარსული აჩრდილებით", — განაცხადა ბაქრაძემ.

კახეთში მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენისას თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ ახსენა წინა ხელისფულება და ისინი ომის ვერაცილებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ამის გამო ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკაში ყოფნის უფლება არ აქვს.