საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, მისი თანაგუნდელი, ენზელ მკოიანი ცდილობს, ყურადღება მიიქციოს.

"არ არის საჭირო მკოიანის მიერ ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება. არის გადაწყვეტილება მიღებული პოლიტიკური, ეს არ უპირისპირდება მის პიროვნებას, არამედ [ემსახურება] იმ საუკეთესო ინტერესებს, რაც ახალქალაქის და ნინოწმინდის მოსახლეობას გააჩნია. [ეს] მცდელობას ჰგავს, პოპულარიზაცია გაუწიოს საკუთარ პიროვნებას და ყურადღება მიიქციოს. რეალურად, საზოგადოება გადაწყვეტს ვის უნდა დაუჭიროს მხარი", — აცხადებს ვოლსკი.

ენზელ მკოიანის განცხადებით, დეპუტატს მოკვლით ემუქრებიან. მისი ადვოკატის თქმით, მკოიანს პირველად 20 ივლისს Facebook messenger-ის მეშვეობით დაურეკეს და რუსულად უთხრეს, ჩამოშორებოდა პოლიტიკას, თორემ ყველაზე ახლობელ ადამიანს წაართმევდნენ.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მეორედ კი 24 ივლისს Whatsapp-ით დაუკავშირდნენ და მითითებულ ანგარიშებზე 5 მილიონი დოლარის ჩარიცხვა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ.

ახალციხე ნიუსმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მისდევს გადატენილი იარაღით ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მოქალაქეს. მასთან ერთად არიან სხვა შეიარაღებული პირებიც.

ვიდეოს დასაწყისში ჩანს, რომ მკოიანი იარაღს ტენის და ვიღაცას უმიზნებს, თუმცა კადრში არ არის აღქმადი ვის. პოლიცია ცდილობს, შეიარაღებული დეპუტატი და მისი თანხმლები პირები მიწოლით შეაჩეროს, თუმცა მკოიანს ვერ იმორჩილებს. დეპუტატი პოლიციას ყელში წვდება და ასე იშორებს, სამართალდამცავი მას იარაღს არ ართმევს და გვერდით იწევა.