შეუპოვრობა ბევრი რამის კარს აღებს, განსაკუთრებით კი — ადამიანთა გულების.

ამ სიტყვებს ცოტა თუ ითვალისწინებს ისე სერიოზულად, როგორც ერთი გამორჩეული ბრაზილიელი ძაღლი: ცუგამ თავისი დაჟინებულობით სამსახურიც იშოვა, პატრონიც გაიჩინა და საქვეყნოდ ცნობილიც გახდა.

რამდენიმე თვის წინ Hyundai Prime-ის თანამშრომლებმა ოფისთან ხშირად მყოფი ძაღლი შეამჩნიეს. თავიდან მათ ეს დროებითი რამ ეგონათ და ელოდნენ, რომ ძაღლი მალევე დაიწყებდა ბედნიერების სხვაგან ძებნას. მაგრამ დრო გადიოდა, ერთი რამ კი არ იცვლებოდა — ძაღლს დარჩენა ჰქონდა გადაწყვეტილი. ჰოდა, დატოვეს.

მაღაზიამ ამ მეგობრულ ძაღლს ტუკსონ პრაიმი დაარქვა და სამსახურში აიყვანა. ცუგას საკუთარი ID ბარათიც კი გაუკეთეს.

ფოტო: tucson_prime / Instagram

მართალია, კომპანიამ ტუკსონი მაისში აიყვანა, ეს ამბავი ფართო მასებში მხოლოდ წინა კვირაში გავრცელდა მას შემდეგ, რაც Hyundai Brazil-მა ძაღლის ფოტოები დაპოსტა Instagram-ზე.

კომპანიის თქმით, თავდაპირველი გეგმა ძაღლისთვის თავშესაფრის მოწყობა იყო, თუმცა ცუგამ მომხმარებლებთან ურთიერთობაში საკმაო ნიჭიერება გამოავლინა და დაწინაურებაც დაიმსახურა.

ფოტო: tucson_prime / Instagram

ფოტო: tucson_prime / Instagram

სადემონსტრაციო დარბაზის მენეჯერმა ემერსონ მარიანომ მედიას განუცხადა, რომ კლიენტები ძალიან დადებითად აფასებენ ტუკსონის მომსახურების ხარისხს, ძაღლის "ძალიან მზრუნველი და საზრიანი ხასიათის" გამო კი ორგანიზაციაში ახლა ბევრად უკეთესი გარემოა.

მარიანოს თქმით, ბევრი მომხმარებელი მანქანის ყიდვის შემდეგაც კი დაბრუნდა მაღაზიაში ცუგას სანახავად და მისთვის საჩუქრების მოსატანად.

ფოტო: tucson_prime / Instagram

მენეჯერმა ტუკსონის შეფარება გამორჩეულად წვიმიან ღამეს გადაწყვიტა, როდესაც მას ქუჩაში მყოფი ძაღლი შეეცოდა, შიგნით შეიპატიჟა და საკვები და წყალი მისცა. მარიანო მალევე ძალიან მიეჯაჭვა ძაღლს და მმართველობას შესთავაზა, ტუკსონი კომპანიის თილისმად დაექირავებინათ.

"სხვა თუ არაფერი, კომპანია ცხოველებისადმი ყოველთვის დადებითად იყო განწყობილი, ახლა კი გადავწყვიტეთ, ეს იდეა პრაქტიკაშიც გამოგვეხატა და საკუთარი შინაური ცხოველი აგვეყვანა, განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს, როდესაც გარეთ ამდენი მიუსაფარი ცხოველია", — თქვა მან.

აყვანის შემდეგ ტუკსონი ექიმთანაც მიიყვანეს და ყველა საჭირო აცრა გაუკეთეს. ის ახლა უკვე კომპანიის გუნდის ნამდვილი წევრია და, სავარაუდოდ, Hyundai-ს ეროვნული სარეკლამო კამპანიის ვარსკვლავადაც მოგვევლინება.

ფოტო: tucson_prime / Instagram

ფოტო: tucson_prime / Instagram