ამერიკელი მილიარდერის, ბილ გეიტსის მიერ პანდემიის შესახებ გაკეთებული ყველა უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი კომენტარი და განცხადება ხშირად ექცევა ფართო აუდიტორიის ყურადღების ცენტრში და დებატების საგანიც ხდება. თუმცა საუბრის გარდა ის მსოფლიოს ვაქცინით მომარაგების უზრუნველსაყოფად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმითაცაა დაკავებული.

7 აგვისტოს გეიტსმა განაცხადა, რომ ის და მისი ფონდი ვაქცინების შექმნის შემთხვევაში $150 მილიონს გაიღებს, რათა ისინი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი გახდნენ. მსოფლიოს მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანის ეს დაპირება თუ რეალობაში განხორციელდება, ეს კორონავირუსთან ბრძოლისთვის გაღებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება იქნება. Bill & Melinda Gates Foundation თანხას Serum Institute-ს გადასცემს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობის ვაქცინების მწარმოებელია. მიზანი 100 მილიონი დოზა ვაქცინის დამზადება გახლავთ, რომელთაგან თითოეულის ფასიც მხოლოდ $3 იქნება.

გეიტსი ერთ-ერთია იმ ლიდერთაგან, ვინც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ვაქცინების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მას $4 მილიარდი აქვს შეწირული ვაქცინების და იმუნიზაციის მსოფლიო ალიანსისთვის (GAVI). ბოლო თვეების განმავლობაში ის ხშირად გამოთქვამდა წუხილს, რომ მაშინ, როცა მდიდარი ქვეყნები შედარებით წარმატებით უმკლავდებიან კორონავირუსს, პანდემია ღარიბ ქვეყნებს გაანადგურებს, რადგან მათ ვაქცინის შექმნის შემთხვევაში მისი შესყიდვის შესაძლებელობა არ ექნებათ.

"ვცდილობთ, დავრწმუნდეთ, რომ პანდემიას მხოლოდ მდიდარ ქვეყნებში არ მოვუღებთ ბოლოს", — განაცხადა გეიტსმა Bloomberg-თან ინტერვიუში. მან აღნიშნა, რომ იგი კონცენტრირებულია განვითარების ეტაპზე მყოფ ისეთ ვაქცინებზე, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ღარიბი ქვეყნებისთვისაც. ამის განსახორციელებლად კი იგი ითანამშრომლებს ისეთ ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებიც შედარებით დაბალი ფასებით და ხარისხით გამოირჩევიან. ასეთებად მილიარდელი AstraZeneca-სა და Novavax-ს ასახელებს.

გეიტსი სწორედ ამ ორი კომპანიის მიერ შემუშავების პროცესში მყოფი ვაქცინებისთვის აპირებს თანხის გაღებას, რათა მათზე მინიმალური ფასი დაწესდეს. Serum, რომელიც ინდოეთშია დაფუძნებული, აპირებს, რომ ვაქცინები 91 ღარიბი ან დაბალშემოსავლიანი ქვეყნისთვის აწარმოოს.

გეიტსის ფონდს მთლიანობაში $500 მილიონი აქვს შეწირული პანდემიასთან ბრძოლაში, თუმცა დაანონსებული $150 მილიონი ტექნიკურად უპროცენტო და პატიების პოტენციალის მქონე სესხია.

ფოტო: Douglas Magno / Getty Images

ვაქცინაციის ფონდისეული გეგმა დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი ვაქცინა აღმოჩნდება უფრო წარმატებული დაავადებასთან ბრძოლაში. საერთო ჯამში, ადამიანებზე გამოცდის ფაზაზე 28 სხვადასხვა ვაქცინაა გადასული, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული სამეწარმეო ხარჯი, მასალა, და სიზუსტე ესაჭიროება. მათგან ყველაზე წარმატებულები — მაგალითად, Moderna-ს და Pfizer-ის შექმნილი რნმ ვაქცინები — სავარაუდოდ, სხვებზე ძვირი იქნება.

"მათი შექმნის სპეციფიკიდან და სირთულიდან გამომდინარე, მეტად სავარაუდოა, რომ თუკი ისინი წარმატებულები გამოდგებიან, მდიდარ ქვეყნებში მოხვდებიან, რადგან მათი ღირებულება მსოფლიო ბაზრისთვის ძვირია", — თქვა გეიტსმა WIRED-თან ინტერვიუში

ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია მოგების წილიც. ვაქცინების მწარმოებელმა ინდუსტრიამ პირობა დადო, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაყიდვიდან დიდ პირად სარგებელს არ მიიღებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დოზა მის შექმნაზე დახარჯულ თანხად გაიყიდება.

ამდენად, გეიტსის გავლენა ეპიდსიტუაციაზე იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა ხდება კვლევით ლაბორატორიებში. თუკი იაფი ვაქცინა — მაგალითად, Serum-ის მიერ დამზადებული — ყველაზე ეფექტიანი აღმოჩნდება, მაშინ უფრო ადვილი იქნება განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ხალხის ვირუსისგან დაცვა. თავის დაზღვევის მიზნით, გეიტსი თანამშრომლობს ვაქცინის სხვა შემქმნელებთანაც, როგორიცაა Johnson & Johnson, რომელიც ასევე იაფი ვაქცინის დამზადებას აპირებს.

ისიც უნდა ითქვას, რომ გეიტსის ფონდი მსოფლიოში იაფი ვაქცინების გავრცელებაში გამოცდილია. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მილიარდერის მიერ GAVI-სთვის გადახდილი 4 მილიარდი დოლარით დაახლოებით 750 მილიონი ბავშვის იმუნიზაცია და 13 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

7 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებამდე გეიტსმა GAVI-ს სპეციალურად COVID-19-ის ვაქცინის შესაძენად და მისაწოდებლად $100 მილიონი გამოუყო. ივნისში მან აგრეთვე დადო პირობა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ზოგადად ვაქცინებზე მუშაობის ხელშესაწყობად ალიანსს $1,6 მილიარდს გადაურიცხავს.

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ გეიტსს ვაქცინის ფასის კონტროლი არ შეუძლია, მას მაინც უზარმაზარი წვლილი და მილიარდობით დოლარი შეაქვს იმისთვის, რომ მისი დისტრიბუცია მაქსიმალურად იაფად და კეთილსინდისიერად მოხდეს.

ამასთან, გეიტსი პანდემიის დაწყების შემდეგ აქტიურად საუბრობს აშშ-ის პოლიტიკაზეც. იგი ამერიკის მთავრობას მოუწოდებს, უარი თქვას "ვაქცინურ ნაციონალიზმზე", მხოლოდ ამერიკელებზე არ იფიქროს და მეტი ფინანსებით მოამარაგოს GAVI-ც.

"ველაპარაკე პენსს, მნუჩინს, პომპეოს. ჩემი კითხვა იყო, რას აკეთებს აშშ იმისთვის, რომ განვითარებადი ქვეყნებისთვის განკუთვნილი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახადოს", — ამბობს იგი WIRED-თან ინტერვიუში, — "ბევრი შეხვედრა გვქონდა, თუმცა მთავრობის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა".