ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო დროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა არ არის ის შესაძლო პიკი, რომელსაც შემოდგომაზე ელოდებიან. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ეს არის მეორე ტალღა და შესაძლო პიკი. ეს არ გახლავთ ის შესაძლო პიკი, რომელსაც ჩვენ ველოდებით შემოდგომაზე", — განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსი არის გარკვეული პროცესი, რომელიც რიცხოვნობის ზრდით ხასიათდება. მისივე თქმით, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც უნდა ველოდოთ სიტუაციის გამწვავებას.

დღეს კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში შესვლა და გამოსვლა იზღუდება. კერძოდ, იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის. ამასთან, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში პირბადეების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.