ახალმა ზელანდიამ პანდემიასთან ბრძოლის მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია — ქვეყანაში უკვე 100 დღეა, რაც არ დაფიქსირებულა COVID-19-ის შიდა გავრცელება, ანუ ვირუსის გავრცელება მისი წყაროს ცოდნის გარეშე.

ვირუსის შიდა გავრცელების ბოლო შემთხვევა 1 მაისს დაფიქსირდა, ქვეყანაში კარანტინის შემსუბუქების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

კვირა, 9 აგვისტო, ზედიზედ მეოთხე დღე იყო, რაც ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა.

ამ დროისთვის ქვეყანაში არსებული აქტიური შემთხვევების რაოდენობა 21-ია და ყველა მათგანი იზოლაციაშია მოქცეული.

ახალ ზელანდიაში პანდემიის გავრცელების მხრივ სხვა ქვეყნებზე გაცილებით უკეთესი სიტუაციაა. თებერვლის მიწურულს ვირუსის შემოსვლის შემდეგ დაფიქსირდა 1 219 დადასტურებული შემთხვევა და გარდაიცვალა 22 ადამიანი.

ქვეყნის მთავრობამ, რომელსაც პანდემიასთან გამკლავების კუთხით საერთაშორისო დონეზე აქებენ, მარტში დაწესებული საკარანტინო შეზღუდვებიდან უკვე თითქმის ყველა მოხსნა.

ადრეული კარანტინი, მკაცრი სასაზღვრო შეზღუდვები, ჯანმრთელობის მდგომარეობების ეფექტური აღნუსხვა და აგრესიული "ტესტირებისა და პოვნის" პროგრამა — ეს ის ყველაფერია, რამაც ახალ ზელანდიაში ვირუსის თითქმის სრულყოფილ განადგურებაში შეიტანა წვლილი.

ფოტო: Win McNamee/Getty

თუმცა ქვეყნის ოფიციალური პირები თვითკმაყოფილებას უფრთხიან და ამბობენ, რომ ვირუსის შემთხვევების მეორე ტალღა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

"100 დღე შიდა გავრცელების გარეშე ძალიან მნიშვნელოვანი ნიშნულია. მიუხედავად ამისა, ყველას კარგად გვესმის, რომ თვითკმაყოფილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. უკვე ვნახეთ, როგორ სწრაფად შეუძლია ვირუსს გამოცოცხლება და ისეთ ადგილებში გავრცელება, სადაც მანამდე ის კონტროლის ქვეშ იყო, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ ახალ ზელანდიაში შესაძლო ახალი შემთხვევები სწრაფად მოვსპოთ", — თქვა ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა ეშლი ბლუმფილდმა.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი იმავე სიფრთხილენარევ კმაყოფილებას გამოხატავს. "100 დღე ნამდვილად აღნიშვნის ღირსია, თუმცა მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ", — თქვა მან და დაამატა, რომ ეს მიღწევა ინფექციების ახალი აფეთქების "რისკს არ ამცირებს".

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი

ფოტო: Hagen Hopkins/Getty

ვირუსის დათრგუნვაში ადრეული წარმატებები სხვა ქვეყნებსაც ჰქონდათ, თუმცა ეკონომიკის დამაზიანებელი საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ინფექცია კვლავ ვრცელდებოდა.

ივლისამდე ვიეტნამში შიდა გავრცელება 99 დღის განმავლობაში არ იყო მომხდარი, თუმცა შემდეგ 57 წლის კაცს COVID-19 დაუდგინდა და უკვე ივლისის ბოლოსკენ ის ვირუსის ახალი აფეთქების ეპიცენტრად იქცა. ამის შედეგად ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი ზელანდია იმ ქვეყნების მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებმაც 100-დღიანი შიდა გავრცელების ნიშნულს მიაღწიეს. წინა თვეში იმავე შედეგს ტაივანმა მიაღწია, რომელიც, ადგილობრივი მედიის თქმით, ასევე ძალიან ეფექტურად ებრძვის ვირუსს.