ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილზე აქცენტირება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებს ემსახურება. ამის შესახებ საია განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქმება და ამომრჩევლის მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს.

საია-ს თქმით, ასეთი შინაარსის გზავნილებით ხელისუფლება ანტიკრიზისულ ნაბიჯებს პერსონიფიცირებულ ხასიათს აძლევს და ხელს უწყობს სოციალური მხარდაჭერის კონკრეტულ პარტიის კეთილ ნებასთან აფილირებას, მაშინ როცა ეს სახელმწიფოს მინიმალური ვალდებულებაა.

"ხელისუფლებას ვალდებულია კრიზისისგან მიყენებული დარტყმების შესარბილებლად საზოგადოებისთვის სოციალური დაცვის მექანიზმები შეიმუშავოს. თუმცა, ასეთ დროს ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ წინასაარჩევნოდ, მმართველმა პარტიამ ანტიკრიზისული პაკეტები, როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ისე გამოიყენოს" , — ნათქვამია განცხადებაში.

საიას განცხადებით, მთავრობამ საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს მკაფიო ხაზი უნდა გაავლოს სახელმწიფოს მხარდაჭერასა და პარტიულ ინიციატივებს შორის, რათა ცხადი იყოს, რომ სოციალური პროგრამები არა მმართველი პარტიის კეთილი ნება, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებაა. ამას გარდა, საია მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მის მიერ, წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯები გრძელვადიანი ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და არა ამომრჩევლის გულის მოსაგებად გამიზნული მანიპულაციები.

"სამწუხაროდ, მოცემულ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ ტესტის ჩაბარება, მეტწილად ბიძინა ივანიშვილის როლზე მუდმივი აქცენტირების გამო. ამის მაგალითია პრემიერმინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია. იქამდე მან ეს უშუალოდაც განაცხადა. ფაქტობრივად იგივე პოზიცია ქონდა ფინანსთა მინისტრს", — წერია საიას განცხადებაში.

6 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პერიოდში მოქალაქეების კომპენსაციის ფარგლებში 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს 17 ასაკის წლამდე ყველ ბავშვი, გახანგრძლივდება კომუნალური გადასახადების პროგრამა, კომპენსაციას მიიღებენ ის თვითდასაქმებულებიც, რომლებსაც არასრული დოკუმენტაცია ჰქონდათ და ასევე, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასური აუნაზღაურდებათ.

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ინიციატივას არჩევნებთან კავშირი არ აქვს და მოსალოდნელი იყო ოპოზიციის მხრიდან ამით სპეკულირება.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ ახალი კომპენსაციების გაცემის ბიუჯეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განცხადა, რომ StopCov.ge-ზე ფინანსების მობილიზება საქართველოს მოქალაქეებსა და ბიძინა ივანიშვილთან ერთად გახდა შესაძლებელი.

"100 მილიონი რომ ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა ფონდში, ეს ფაქტია და არაფერი დაშავდება კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას", — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.