როგორც ვიცით, განიმედე მზის სისტემაში ყველაზე დიდი და მასიური თანამგზავრია — იგი სისტემაში ერთადერთი მთვარეა, რომელსაც საკუთარი მაგნიტური ველი აქვს. ასევე მასზე მთელ სისტემაში ყველაზე მეტი თხევადი წყალიც მოიპოვება. ახლა კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ციურ სხეულს, შესაძლოა, უდიდესი ჩაღრმავებული სტრუქტურებიც ჰქონდეს.

ასტრონომების მიხედვით, ტექტონიკური ღრმულები, რომლებიც მათ იპოვეს, შესაძლოა, განიმედეზე ყველაზე ძველი გეოლოგიური მახასიათებლები იყვნენ. ეს სტრუქტურები კონცენტრული წრეების სერიებს ქმნიან, რომელთა სიდიდეც 7, 800 კილომეტრამდე აღწევს. სავარაუდოდ, ეს სტრუქტურები დიდი ასტეროიდის შეჯახებით შეიქმნა.

თუმცა ეს ჯერ დამტკიცებული არ არის და უფრო მეტი დაკვირვებებია საჭირო, მაგრამ თუკი ეს სტრუქტურები ნამდვილად შეჯახების შედეგად წარმოიქმნა, ისინი მზის სისტემაში ჩვენთვის ცნობილ ყველა სხვა მსგავს გეოლოგიურ წარმონაქმნზე დიდები უნდა იყვნენ.

განიმედეს ჩაღრმავებებს ბასრი, გამობურცული კიდეები აქვს და დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ისინი ადრეულ პერიოდში მომხდარი შეჯახებების დროს წარმოიქმნა, როდესაც ლითოსფერო შედარებით თხელი და სუსტი იყო. თუმცა მონაცემების ხელახალმა ანალიზმა განსხვავებული ისტორია შემოგვთავაზა.

განიმედეს ისტორიის უკეთ გასააზრებლად კვლევის ავტორმა ნაოუკი ჰირატამ და მისმა კოლეგებმა თანამგზავრის შესახებ არსებული მონაცემები გააანალიზეს. არსებულმა სურათებმა განიმედეს კომპლექსური გეოლოგიური ისტორია გამოამჟღავნა. მთვარე ორ, ბნელ და ნათელ რეგიონად არის გაყოფილი. ნათელი რეგიონი უფრო ღიაა და იქ კრატერებიც ნაკლებადაა, რაც მიგვანიშნებს, რომ იგი ბნელ რეგიონზე ბევრად ახალგაზრდაა. ბნელი რეგიონი კი ფოსოებიანი და კრატერებით სავსეა.

გუნდმა განიმედეს ჩაღრმავებული სტრუქტურების ადგილმდებარეობები გააანალიზა და დაადგინა, რომ თითქმის ყველა ეს სტრუქტურა იმის მაგივრად, რომ შემთხვევითი წესით ყოფილიყო განლაგებული, ერთ კონკრეტულ ადგილას იყვნენ კონცენტრირებულნი.

შემდეგი ნაბიჯი იმის დადგენა იყო, თუ რა ქმნიდა მსგავს სტრუქტურებს. გუნდმა სხვადასხვა სცენარის სიმულირება ჩაატარა და დაადგინა, რომ ამაში დამნაშავე დაახლოებით 150 კილომეტრი სიგანის ასტეროიდია, რომელიც თანამგზავრს 20 კმ/წმ სიჩქარით შეეჯახა. ეს დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ მოხდებოდა, როდესაც განიმედე საკმაოდ ახალგაზრდა იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სტრუქტურები იუპიტერის სხვა თანამგზავრზეც გვხვდება, კერძოდ კი კალისტოზე. მისი ვალჰალას კრატერის დიამეტრი 3 800 კილომეტრს შეადგენს და 2-დან 4-მდე მილიარდი წლისაა.

მკვლევართა გუნდი აღმოჩენის დადასტურებას ელოდება, თუმცა დიდხნიანი ლოდინი, შესაძლოა, საჭირო არც გახდეს. თუკი ეს სტრუქტურები ნამდვილად შეჯახების შედეგად წარმოიქმნა, იმ ადგილას გრავიტაციული ანომალია უნდა არსებობდეს. ამგვარად, შესაძლოა, რომ ამ ანომალიის მოძებნით კითხვასაც გავცეთ პასუხი.

აღსანიშნავია, რომ ევროპული კოსმოსური სააგენტოს ხომალდი JUICE 2022 წელს გაეშვება და ეს პირველი მისია იქნება, რომელიც იუპიტერის თანამგზავრებს შეისწავლის.

კვლევა ჟურნალ Icarus-ში რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა.