100 Days of Code წარმოადგენს ღია საწყისი კოდის მქონე გაფართოებას პროგრამირების აპლიკაციებისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, მიაღწიოთ დასახულ მიზნებს და შეასრულოთ #100DayOfCode გამოწვევა, ჩაიწეროთ პროგრესი და გააზიაროთ ის ტვიტერზე პირდაპირ Visual Studio Code-დან.

ახალი გაფართოება გაძლევთ საშუალებას, აღნუსხოთ ყოველდღიური აქტივობები და ადევნოთ თვალი პროგრესს ამოცანის საბოლოო შესრულებამდე — იგი აღრიცხავს კოდის წერაში დახარჯულ დროს. ამასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ სტატისტიკაში ჩაამატოთ სასურველი ჩანაწერები ამა თუ იმ აქტივობასთან დაკავშირებით და ასეთი სახით გახადოთ ის უფრო პერსონალიზებული.

კოდის წერის გემიფიკაცია ყოველი მიღწევის დროს განიჭებთ სპეციალურ ბეიჯს, რომელიც პროგრამირებას უფრო სახალისოს ხდის. მაგალითად, ერთ-ერთი ბეიჯის მისაღებად საჭიროა ახალი ენის შესწავლაში დახარჯოთ ზედიზედ 7 დღე და გააზიაროთ თქვენი შედეგი ტვიტერზე.

პერსონალიზირებული მონიტორინგის პანელი, რომელშიც თქვენი პროგრესის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის ამსახველი ყველა მონაცემი მოიყრის თავს, ერთგვარ დამატებით მოტივაციად შეიძლება იქცეს დეველოპერისთვის.

მომხმარებელს შეუძლია, საკუთარ დინამიურ პროგრესს 100 დღის განმავლობაში დააკვირდეს. ამასთან, მიღწეული პროგრესი და მონაცემები არ იკარგება მოწყობილობის შეცვლის შემთხვევაშიც. სხვა მოწყობილობის გამოყენებისას პროგრესის გაგრძელება ზუსტად იქიდან შეგიძლიათ, სადაც გაჩერდით.

გაფართოების გამოყენება მარტივია — დააყენეთ ის VS Code-დან და დაიწყეთ კოდირება. სამუშაო დღის დასრულებისთანავე კი დაამატეთ საჭირო მონაცემები პანელში, რომელიც პროგრამირებაში გატარებულ დროსთან ერთად აისახება შესაბამის მეტრიკებში.