ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, როგორც საკანონმდებლო ბაზაში, ასევე რეგულირების და პროფესიული კომპეტენციის ნუსხაში საჭიროა ცვლილებები, რათა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ექიმი, რომელიც დაკავებულია, იყოს უკანასკნელი ექიმი, რომელიც მსგავს გაუგებრობაში მოყვა. მისივე თქმით, სამინისტრო მზად არის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთოს, რათა ამ საქმეში სიცხადე შეიტანოს, რაც ვახტანგ ყიფიანის საქმეზე დადებით გავლენას იქონიებს.

"ცალსახად გამოიკვეთა, თუ რამდენი და რა მნიშვნელოვანი ცვლილებები არის საჭირო განხორციელდეს საკანონმდებლო ბაზაში და ასევე რეგულირების და პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში, იმისათვის, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა იმ გარკვეულ გაუგებრობაში, სადაც მას დღესდღეობით ეწოდა თაღლითი ექიმის სახელი", — განაცხადა ტიკარაძემ ექიმებთან შეხვედრის შემდეგ.

მან განმარტა, რომ განსაზღვრული უნდა იყოს კომპეტენციები, რომელ ექიმს რა რეგულაციებით აქვს უფლება მიიღოს გარკვეული ტიპის პაციენტი და შესაბამისად, განახორციელოს გარკვეული ტიპის ჩარევს.

"საკანონდემბლო ბაზა არ იყო მზად იმისთვის, რომ ჩვენ განგვეხორციელებინა ბატონი ვახტანგ ყიფიანის კომპეტენციების ფარგლებში ის პროგრესული და თანამედროვე ჩარევა, რომელიც მან განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს ვადაში მომზადდეს ეს რეგულაცია იმისათვის, რომ სხვა ექიმებიც არ აღმოჩნდნენ მსგავს ვითარებაში", — აღნიშნა ტიკარაძემ.

მან ასევე თქვა, რომ სამინისტროს ჰქონდა მომზადებული კონკრეტული ცვლილებები, თუმცა პარლამენტში მსჯელობის შემდეგ ის უკან გამოიწვიეს. მინისტრის აზრით, შესაბამისი რეგულაციები უმოკლეს ვადაში უნდა მიიღონ.

კითხვას, დამნაშავეა თუ არა ექიმი, მინისტრი პასუხობს, რომ გარკვეული გადაცდომები იკვეთება, თუმცა "დანაშაულს გააჩნია თავისი სიმძიმე".

"ეს კონკრეტული შემთხვევა არის საკმაოდ კომპლექსური და რთული. 20 თვეა აქტიური გამოძიება მიმდინარეობს და არ მაქვს უფლება ვთქვა, იყო თუ არა დამნაშავე. აქ არის დანაშაულის სიმძიმეზე საუბარი. და სწორედ იქედან გამომდინარე, რომ რეგულაციები და საკანონმდებლო ბაზა არ არის სათანადოდ მომზადებული, რა თქმა უნდა, იკვეთება გარკვეული გადაცდომები, თუმცა დანაშაულს გააჩნია თავისი სიმძიმე", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, სამინისტრო მზადაა კომპეტენციის ფარგლებში გადადგას ნაბიჯები და ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რაც დადებით გავლენას იქონიებს ვახტანგ ყიფიანის საქმეზე.

"ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოების მხრიდან უნდა დასრულდეს იმაზე საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები ორ სხვადასხვა მხარეს წარმოადგენენ. ერთი განუყოფელი ნაწილია, რომელიც ახორციელებს ჩარევას, რომ პაციენტის მდგომარეობა იყოს უსაფრთხო", — აღნიშნა მან.

რაც შეეხება კომაში მყოფი პაციენტის დახმარების საკითხს, მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო მზადაა არსებული რესურსების ფარგლებში დაეხმაროს ყველა იმ პაციენტს, რომელსაც შესაბამის მკურნალობა საქართველოში ვერ უტარდება.

კარდიოლოგ ზურაბ ფაღავას განცხადებით, რომელიც სხვა ექიმებთან ერთად მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, დაკავებულ ექიმს მონაწილეობა არ მიუღია არცერთ იმ ქმედებებში, რასაც შესაძლოა პაციენტის დღევანდნელი მდგომარეობა გამოეწვია.

"ჩატარდა ის, რაც ყოველთვის ტარდება ოპერაციის დროს. ეს გულისხმობს სპეციალური მილის ჩადგმას სასუნთქ გზებში, რომ ოპერაციის დროს უზრუნველყოფილი იყოს პაციენტის სუნთქვა. ამ დროს იყო დაშვებული შეცდომა, მე არ ვიცი რა ტიპის შეცდომა, მაგრამ პაციენტი იყო უჟანგბადოდ დიდი ხნის განმავლობაში, განვითარდა ასფიქსია და ამის შედეგად განვითარდა მძიმე კომა. ეს მოხდა ანესთეზიის ფაზაში, როდესაც ოპერატორი ჯერ არ იყი მისული პაციენტთან", — განაცხადა ზურაბ ფაღავამ მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, დარგები და მედიცინა ვითარდება, ამიტომ საჭიროა ახალი მეთოდების დანერგვა.

"მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ თუ არა ხანგრძლივი დრო, რომ ესა თუ ის მეთოდი აღიარებული იქნას საქართველოში", — აცხადებს კარდიოლოგი.

4 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორისა და ექიმების დაკავების შესახებ. უწყების ცნობით, კლინიკის ექიმმა პაციენტი დაარწმუნა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები ჩაუტარებდნენ, თუმცა ოპერაცია, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, თავად გაუკეთა. უწყების ინფორმაციით, ყიფიანმა ოპერაციაზე დაიხმარა მაგდა ხოჭოლავა, "რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა". პროკურატურის ინფორმაციით, პაციენტი ამ დრომდე კომაშია.

ექიმები და კლინიკა ბრალს უარყოფენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ლობჟანიძეს, ანუ ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, მოსამართლემ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ხოჭოლავას და ყიფიანს კი — წინასწარი პატიმრობა. გამომდინარე იქიდან, რომ ხოჭოლავა საქართველოში არ იმყოფება, მას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.