10 აგვისტოდან 7 იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრში და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება.

იიუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეებს დღეიდან დაჯავშნის გარეშე მოემსახურებიან იუსტიციის სახლის ყაზბეგის, ყვარლის, ბორჯომის, ხონის, თიანეთის, მარტვილის, ონის ფილიალები; ასევე საზოგადოებრივი ცენტრები ლენტეხში, ამბროლაურში, ვალეში, ადიგენში, შუახევში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ხარაგაულსა და სხვა დასახლებებში, ასევე მთელი რიგი ტერიტორიული სამსახურები, სადაც, ეპიდემიამდე, ყოველ თვე მომხმარებელთა ნაკადი საშუალოდ 600-ს არ აღემატებოდა. სრული ჩამონათვალის ნახვა psh.gov.ge ვებგვერდზეა შესაძლებელი.

რაც შეეხება ფილიალებს, სადაც მომხმარებელთა ნაკადი მაღალია, სამინისტროში განმარტავენ, რომ მომსახურება კვლავ წინასწარი დაჯავშნის სისტემით გრძელდება.

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღების მსურველ პირს შენობაში შესვლა და მომსახურებით სარგებლობა მისთვის სასურველ დღესა და დროს შეუძლია, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის.

სერვისის მიღება მომხმარებლებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 09:00-დან ღამის 12 საათამდე, შეუძლიათ. სხვა ფილიალებში კი მომსახურებით სარგებლობა დილის 09:00-დან საღამოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

სერვისის მისაღებად პირმა my.gov.ge პორტალზე, კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მას მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროსა და ადგილზე შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად ფილიალში მისვლა. მზა დოკუმენტის გასატანად ფილიალში განმეორებით მისვლა საჭირო არ იქნება და აუცილებლობის შემთხვევაში პირს მზა დოკუმენტი ფოსტით გაეგზავნება.

განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, იმ პირებისთვის, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ. აღნიშნული პირები მთელ რიგ სერვისებზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, პირადობის მოწმობის ან/და პასპორტის პირველადად აღების; ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

ადგილზე მომსახურების მისაღებად მოქალაქემ უნდა დარეკოს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე — 2 405-405 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული უფლებამოსილი უწყების თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ. აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ადგილზე მომსახურება უფასოა, მზა დოკუმენტს კი მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ.