ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, 120 ადამიანი კი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, პირს პოლიციის სატვირთო მანქანა დაეჯახა, თავის ტვინის დაზიანება მიიღო და გარდაიცვალა. ბელარუსიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

9 აგვისტოს ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოყვა. გამოსვლები გვიან ღამით მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ხმების უმრავლესობა ალექსანდრ ლუკაშენკომ მიიღო.

მინსკში, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, დემონსტრანტებისა და სპეცდანიშნულების რაზმის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხმის მიცემის პროცედურის დამთავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ამოქმედდა. დედაქალაქში კი არმიის შეიარაღებული ნაწილები შევიდა. საღამოს ექვსი საათისთვის მინსკის ყველა ცენტრალურ მოედანსა და სამთავრობო შენობასთან სპეციალური კორდონი იდგა, გაჩერდა ქალაქის სატრანსპორტო სისტემა, დაიხურა ქალაქიდან შესასვლელი და გასასვლელი გზები.

აქციას ძალოვანებთან დაპირისპირება მოჰყვა. Tvrain-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს აკავებენ და მათ დასაშლელად სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, რეზინის ტყვიებს იყენებენ. არიან დაჭრილებიც.

მედია წერს იმასაც, რომ ქუჩებში განათება გამორთეს. შეკრებილები სკანდირებენ: "მკვლელებო", "ნაცისტებო".

არსებული ინფორმაციით, ბელარუსში შეზღუდეს ინტერნეტზე წვდომაც.

ცესკოს შედეგების თანახმად, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80 პროცენტი უჭერს მხარს. მის მთავარ მოწინააღმდეგეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას კი 10-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელ დიქტატორსაც უწოდებენ.

გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაიაა, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატია მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ. მისი პოლიტიკურად გააქტიურება, მისი ქმრის, პოპულარული ოპოზიციონერი ბლოგერის, სერგეი ტიხანოვსკის დაკავების შემდეგ დაიწყო.