კახეთში მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენისას თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე ისაუბრა. 10 აგვისტოს ღონისძიებას პრემიერმინისტრი გიორგი გახარია და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძეც ესწრებოდნენ.

"ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა ჩვენი ხალხისთვის უპრეცენდენტო მშვიდობა და სტაბილურობა, თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია, ღირსება დაუბრუნა ქართველ ხალხს", — აღნიშნა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა მომავალ არჩევნებში ივანიშვილის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

"ღირსეული მომავალი არ იქმნება ერთი ადამიანის ან ერთი ჯგუფის მიერ. ეს იქმნება ქართველ ხალხთან ერთად. 2012 წელს სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ხალხი, მაშინ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც მობილიზება გაუკეთა სრულიად საქართველოს, ჩვენი პარტიის ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენთან ერთად, ოცნების მეომრებო, შეძლო და დაამარცხა მოძალადე, მკვლელი და მჩაგვრელი სისტემა", — თქვა მან.

კანდიდატის წარდგენაზე ღარიბაშვილმა კვლავ ახსენა წინა ხელისფულება და ისინი ომის ვერაცილებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ამის გამო ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკაში ყოფნის უფლება არ აქვს:

"აგვისტოს ომი არის ის დიდი ტკივილი, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს ღირსეულ ხალს. ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ჩვენი ქართული, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას, ის არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას".

ბიძინა ივანიშვილი თბილისის მერმა, კახა კალაძემაც ახსენა. მისი თქმით, 2012 წელს ხალხი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით "უსამართლობაზე გაიმარჯვა".