საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, ნინო წილოსანი ამბობს, რომ კრიმინალთან დაკავშირებით ქვეყანაში ის სურათი არ არის, რისი ჩვენებაც ოპონენტებს სურთ.

"ის სურათი, რაც ზოგადად უნდა ჩვენს ოპონენტებს დახატოს კრიმინოგენულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს. აქ ერთადერთი სწორი პასუხი არის ის, რომ სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება", — აცხადებს წილოსანი TV პირველთან.

გუშინ, 8 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე ახალქალაქში ადამიანთა ჯგუფმა დაიწყო დარბევები, ამტვრევდნენ სასტუმროს კარებსა და ფანჯრებს, რის შემდეგაც იქ ხანძარი გაჩნდა. ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი საავადმყოფოშია რამდენიმე. jnews-ის ინფორმაციით, დაპირისპირება სოფელ კულიკამში ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა. გამოცემამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს ხალხმრავლობა, ისმის მტვრევის ხმა. ჟურნალისტი ჰყვება, რომ იყო სროლაც.

მოგვიანებით სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ დარბევები მკვლელობას მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, გადამწვარია 4 სახლი და ერთი სასტუმრო, ასევე, მანქანები. jnews წერს, რომ უძრავი ქონება ერთი და იგივე ადამიანის სახელს უკავშირდება და ის შურისძიების მიზნით დააზიანეს.

საქმეზე დაკავებულია ერთი ადამიანი. მას განზრახ მკვლელობას ედავებიან. ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულების დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია.