ქართული ოცნების დეპუტატის, თემურ ჭკუასელის განცხადებით, "რაღაცა რომ მოხდეს" და ვინმეს რამე დაემუქროს, თავადაც გადმოიღებს იარაღს და დამნაშავეს გამოეკიდება. ასე პასუხობს ის ჟურნალისტის კითხვას კრიმინოგენულ სიტუაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, "ოცნების" დეპუტატ ენზელ მკოიანის მიერ ქუჩაში იარაღის სროლას.

"ახლა მანქანაში მიდევს იარაღი და რაღაცა რომ მოხდეს და შენ რამე დაგემუქროს, გადმოვიღებ იარაღს და მეც გამოვეკიდები. მერე გადაიღებენ და აი, მისდევს თემურ ჭკუასელიო. სიტუაცია რა იყო, ჩვენ ხო არ ვიცით", — ასე პასუხობს ჭკუასელი TV პირველის ჟურნალისტის კითხვას.

დეპუტატს ენზელ მკოიანის იმ ვიდეოს შესახებ ჰკითხეს, სადაც ჩანს, როგორ დარბის ის იარაღით ახალქალაქის ქუჩებში და ისვრის. ფაქტის შესახებ ვიდეოს გავრცელებამდეც გახდა ცნობილი და საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია. გავრცელებული ინფორმაციით, გასროლა მკოიანსა და მის ოპონენტს, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ სამველ პეტროსიანის დაპირისპირებას უკავშირდება.