საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც "ზოგ ტელევიზიას უნდა რომ აჩვენოს". ამასთან, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ სხვაგანაც უცხოვრია და "არაფერი აქ ისეთი არ ხდება, რაც სხვაგან არ ხდება".

"სხვაგანაც მიცხოვრია და ვიცი ზუსტად, რა არის კრიმინალური მდგომარეობა, რაც ყველგან ხდება სამწუხაროდ, ეს არის თანამედროვე მსოფლიოს სენი და არაფერი აქ ისეთი არ ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. დამიჯერეთ, ან იარეთ მსოფლიოში და ნახავთ. კრიმინალური მდგომარეობა არ არის საქართველოში ისეთი მძიმე, როგორიც ზოგ ტელევიზიას უნდა რომ აჩვენოს. ის არის ძალიან მძიმე, როცა ქვეყანაში ტელევიზიებიდან გვესმის მხოლოდ ესა, დილიდან საღამომდე და მე მინდა ეს ვთქვა, რომ ეს ძალიან ცუდად აისახება ჩვენს ახალგაზრდებზე, მათ ფსიქიკაზე", — თქვა ზურაბიშვილმა.

მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს ქართული ოცნების დეპუტატის, ენზელ მკოიანის მიერ ქუჩაში იარაღით სიარულსა და სროლაზე, რაზეც პრეზიდენტმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"გიპასუხეთ, რა მინდა რომ გიპასუხოთ. რაც საჭირო არის, ის გიპასუხეთ", — უთხრა მან ჟურნალისტს.

გუშინ, 8 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე ახალქალაქში ადამიანთა ჯგუფმა დაიწყო დარბევები, ამტვრევდნენ სასტუმროს კარებსა და ფანჯრებს, რის შემდეგაც იქ ხანძარი გაჩნდა. ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი საავადმყოფოშია რამდენიმე. jnews-ის ინფორმაციით, დაპირისპირება სოფელ კულიკამში ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა. გამოცემამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს ხალხმრავლობა, ისმის მტვრევის ხმა. ჟურნალისტი ჰყვება, რომ იყო სროლაც.

მოგვიანებით სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ დარბევები მკვლელობას მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, გადამწვარია 4 სახლი და ერთი სასტუმრო, ასევე, მანქანები. jnews წერს, რომ უძრავი ქონება ერთი და იგივე ადამიანის სახელს უკავშირდება და ის შურისძიების მიზნით დააზიანეს.

საქმეზე დაკავებულია ერთი ადამიანი. მას განზრახ მკვლელობას ედავებიან. ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულების დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია.