ახალქალაქში დაპირისპირების დროს მომხდარი მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი ადამიანი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, 1983 წელს დაბადებულმა ა.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება.

მათივე ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა დაკავების მიზნით.