სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილი ადასტურებს, რომ ახალქალაქში რამდენიმე სახლი მანამდე მომხდარი მკვლელობის შემდეგ დაწვეს. ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსთან ისაუბრა.

"კრიმინალური შემთხვევაა. მკვლელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი ახალქალაქში. ამის შემდეგ გარდაცვლილის ნათესავებმა დაწვეს რამდენიმე სახლი. პოლიციას ამ დროისთვის სრულად აქვს კონტროლზე აყვანილი მდგომარეობა", — ამბობს ამირანაშვილი.

On.ge გუბერნატორთან დაკავშირებას რამდენიმე საათია ცდილობს, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

jnews-ის ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე ახალქალაქში ადამიანთა ჯგუფმა დაიწყო დარბევები, ამტვრევდნენ სასტუმროს კარებსა და ფანჯრებს, რის შემდეგაც იქ ხანძარი გაჩნდა. ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოცემის ინფორმაციით, დაპირისპირება სოფელ კულიკამში ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა. jnews-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს ხალხმრავლობა, ისმის მტვრევის ხმა. ჟურნალისტი ჰყვება, რომ იყო სროლაც.

"ჩვენთან საავადმყოფოში შემოიყვანეს ერთი გარდაცვლილი, 27 წლის ბიჭი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, როცა ჯგუფი მივიდა უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ახალგაზრდა ბიჭს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა. ქირურგმა ნახა მცირე დაზიანება იყო ხერხემლის არეში და უკვე გაეწერა ჩვენგან", — აცხადებს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი "სამხრეთის კარიბჭესთან".

On.ge დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში ადასტურებენ ერთი ადამიანის მკვლელობას, თუმცა არ აზუსტებენ, ეს მოხდა დაპირისპირებამდე, რაც შესაძლოა გამხდარიყო ჩხუბის მიზეზი თუ ადამიანი დაიღუპა დაპირისპირებისას. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და 236 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით მიმდინარეობს, რაც განზრას მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.