დმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წლის ომის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, საქართველოსთვის თავის Facebook გვერდზე წვდომა შეზღუდა.

მას შემდეგ, რაც მან ომის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და მომხმარებლებმა დაარეპორტეს, ისინი სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ გვერდი აღარ იძებნება. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სხვა ქვეყნებში მედვედევის პოსტის წაკითხვა და მისი გვერდის ნახვა ისევ შესაძლებელია, თუმცა არა საქართველოში.

მაგალითად, როგორც On.ge-იმ გაარკვია, გერმანიაში რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის გვერდის ნახვა ჩვეულებრივ შეუძლიათ. კვლავ ჩანს აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაწერილი პოსტი, რომლის გამოც მოუწია ფეისბუქის დამალვა. ღიაა კომენტარების ველიც — ანუ ყველას, ვინც პოსტს ხედავს, შეუძლია დაკომენტარება.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დაწერა, რომ 12 წლის წინ რუსეთმა უპასუხა "ნაძირლების ქმედებებს, რომლებმაც გასცეს მშვიდობიანი მოქალაქეების სახლებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება". მედვედევის თქმით, ცეცხლი გაუხსნეს რუს მშვიდობისმყოფელებსაც, რომლებიც "უზრუნველყოფდნენ მშვიდობას და უსაფრთხოებას". ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი აცხადებს, რომ 2008 წელს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს იცავდა.