ბეირუთში აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. Reuters ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტებმა ბარიერის გარღვევა და პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მიმდინარე აქციას 5 000-მდე მოქალაქე შეუერთდა. მათ 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება და რეაგირება გააპროტესტეს. მათივე ცნობით, აქციის მონაწილეები სკანდირებენ ფრაზებს: "ხალხს რეჟიმის დაცემა სურს" და "წადით, ყველანი მკვლელები ხართ".

ფოტო: REUTERS/Thaier Al-Sudani

4 აგვისტოს ღამით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია სულ მცირე 158 ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა 300 000 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 6 000-ს აჭარბებს. მედიის ცნობით, 21 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულია.

აფეთქების გამომწვევ მიზეზად თავდაპირველად რამდენიმე ვერსია გავრცელდა. საუბარი იყო პიროტექნიკის აფეთქებაზე, სხვა ადვილად ფეთქებად ნივთიერებებზეც, თუმცა ოფიციალური პირები საწყობში 6 წლის მანძილზე შენახულ ძლიერ ფეთქებად ნივთიერებებზე საუბრობენ.

საქართველოს საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ბეირუთში აფეთქდა, იქ 2013 წელს, ბათუმიდან მოხვდა. უწყებაში განმარტავენ, რომ გემი, რომელიც ახორციელებდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა), ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციამ დააკავა. საუბარია მოლდოვას დროშით მცურავ მშრალტვირთმზიდ Rhosus-ზე.