ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ დაბლოკა ტურისტებით სავსე 16 ჩარტერული რეისი ლიტვიდან და ესტონეთიდან. ასე გამოეხმაურა დეპუტატი ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, რომ "საქართველოში 300-მდე ტურისტია ჩამოსული".

"შეგახსენებთ, რომ ლიეტუვაც და ესტონეთიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა უსაფრთხო ქვეყნებად. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დაიბლოკა სხვა ჩარტერებიც", — აცხადებს კანდელაკი.

მისი თქმით, უსაფრთხო ქვეყნებიდან ჩარტერული რეისების დაბლოკვა არის "არარაციონალური და მავნებლური" გადაწყვეტილება, რომელიც შემოსავლის გარეშე ტოვებს ტურიზმზე დამოკიდებულ მოქალაქეებს.

"ეს ადამიანები იმედის თვალით უყურებდნენ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საზღვრების გახსნას და ელოდნენ ამ ქვეყნებთან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ფრენების აღდგენას. მთავრობა კი მათ ეუბნება, რომ შანსიც არა აქვთ", — ამბობს კანდელაკი.

მისივე განცხადებით, "არამიზნობრივი ხარჯი და ფულის ფლანგვაა" უსაფრთხო ქვეყნებში ჩარტერების დანიშვნა ბიუჯეტის ხარჯზე.

"მიეცათ საშუალება ვიზეარისა და რაინეარისთვის, ეფრინათ უსაფრთხო ქვეყნებში, რომელთა რიცხვში ცხადია უნდა შევიდეს პოლონეთი, საბერძნეთი და ავსტრია. გააუქმეთ დისკრიმინაციული კარანტინი და არანაირ ჩარტერებში ფულის ყრა არ გახდებოდა საჭირო. სტუდენტებიც და ემიგრანტებიც თავისუფლად და იაფად შეძლებდნენ მგზავრობას", — აღნიშნა მან.