საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლის თავზე აცხადებს, რომ პუტინის საქართველოში შემოსვლა ნაციონალურმა მოძრაობამ, ტელეკომპანია ფორმულამ და მთავარმა არხმა "განაპირობეს".

თავდაპირველად ღარიბაშვილს ჰკითხეს, აგვისტოს ომზე საუბრისას რატომ არაფერს ამბობს პუტინის როლზე ამ ომში. კითხვას თავდაცვის მინისტრმა არ უპასუხა, თუმცა ჟურნალისტებს მიაძახა:

"პუტინისტები ხართ თქვენ".

ამის შემდეგ მას დააზუსტებინეს, რატომ უწოდა "პუტინისტები", რაზეც თავდაცვის მინისტრმა "განმარტა", რომ ჟურნალისტებისთვის არ უწოდებია. ამის მიუხედავად, მან დაასახელა ორი მედია და ნაციონალური მოძრაობა, რომლებსაც მიემართებოდა ეს სიტყვები.

"რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა, სააკაშვილმა და თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელმა, კეზერაშვილმა, რომელმაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები მიატოვა ომში. ჟურნალისტებს არ ვუწოდე, მე ვუწოდე მთავარ არხს, ფორმულას და ნაცმოძრაობას. იმიტომ რომ თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში", — თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი პრეზიდენტთან, პრემიერიმინისტრთან, მთავრობისის სხვა წევრებთან და პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.