მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი აგვისტოს ომის 12 წლისთავს Facebook-ზე ეხმაურება და აცხადებს, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია.

ის აღნიშნავს, რომ რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია.

"გვებრძოდა მანამდე და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში", — წერს ის.

მეუფე მელქისედეკი ასევე აღნიშნავს, რომ მართალია, აგვიტოს ომმა უდიდესი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ წარუშლელ კვალს დატოვებს ის საგმირო საქმეებიც, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წელს გამოიჩინეს.

"ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა — "დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო" არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან", — წერს ის.

მეუფე მელქისედეკი საუბრობს უცოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგზეც, რომლებიც ომის პერიოდში საქართველოს მხარდამჭერები იყვნენ.