ტვიტერმა გარკვეულ ქვეყნებში სამთავრობო მედიასაშუალებების ანგარიშების და "მნიშვნელოვანი სახელმწიფო ჩინოვნიკების" სპეციალური თეგით მონიშვნა დაიწყო. მაშინ, როცა სოციალური ქსელის პლატფორმას მთავრობები და მათი ლიდერები მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხების განსახილველად იყენებენ, ტვიტერი, ახალი ფუნქციით ხელს შეუწყობს გამჭირვალობის შენარჩუნებას.

ტვიტერის ახალი პოლიტიკა თავდაპირველად გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წარმომადგენელზე — აშშ-ზე, დიდ ბრიტანეთზე, რუსეთზე, საფრანგეთსა და ჩინეთზე გავრცელდება, რომელთა ანგარიშები მონიშნული იქნება თეგით "სამთავრობო ანგარიში". მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მედიასაშუალებები და მათი რედაქტორები ცალ-ცალკე მიიღებენ თეგს "მთავრობასთან აფილირებული მედია". ახალი თეგები გამოჩნდება როგორც პროფილზე, ისე ცალკეულ ტვიტებში. პარასკევს მსგავსი თეგი უკვე გამოჩნდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი პროპაგანდისტი რესურსის People’s Daily-ს და ჰუ სინჯინის პროფილზე, რომელიც Global Times-ის მთავარი რედაქტორია. თეგი ასევე გამოჩნდა კრემლთან აფილირებულ RT America-ს ანგარიშის გვერდზე.

"მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც დაეხმარება ადამიანებს იცოდნენ, რომელი ქვეყანა ან ძალა დგას ამა თუ იმ ანგარიშის უკან, რომელიც გეოპოლიტიკურ მოვლენებს აფასებს", — აღნიშნულია ტვიტერის ბლოგზე.

თეგები ყველა პოლიტიკოსს არ შეეხება, არამედ მხოლოდ იმათ, ვინც საგარეო საქმეებით არის დაკავებული — საგარეო საქმეთა მინისტრები, ელჩები და სხვები.

თეგების პოლიტიკა არ გავრცელდება კონკრეტული ოფისების ანგარიშებზე, როგორიცაა მაგალითად პრეზიდენტ ტრამპის @POTUS აშშ-ში. ის ასევე არ გავრცელდება ქვეყნების მეთაურების პირად ანგარიშებზე, რადგან ტვიტერის აზრით, მსგავსი ანგარიშები საყოველთაო ცნობადობით, მედიასაშუალებების მხრიდან დიდი დაინტერესებითა და ინფორმირებულობით გამოირჩევიან.

აქედან გამომდინარე, მაგალითად დონალდ ტრამპის ანგარიში ტვიტერზე @realTrump მსგავს თეგს არ მიიღებს. თეგები ასევე არ შეეხებათ კონგრესის წევრების პირად ანგარიშებსაც.

ტვიტერის განმარტებით, სამთავრობო მედიასაშუალება წარმოადგენს "არხებს, რომელთა სარედაქციო პოლიტიკაზე მთავრობა გავლენას ფინანსური რესურსების, პირდაპირი და ირიბი პოლიტიკური წნეხისა თუ კონტროლის მეთოდებით ახორციელებს". აღნიშნულ მედიასაშუალებებს არ განეკუთვნებიან სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მქონე მედიასაშუალებები, რომლებსაც დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა გააჩნიათ — ასეთები არიან BBC დიდ ბრიტანეთში და NPR აშშ-ში.

ტვიტერი არ ასაჯაროებს თეგით მონიშნული სამთავრობო მედია ორგანიზაციების სრულ სიას, თუმცა კომპანიის პრეს მდივანი ადასტურებს, რომ მათ რიცხვში ჩინურ Xinhua News-თან ერთად არიან რუსული RT და Sputnik.

მსოფლიო ლიდერები ტვიტერს სულ უფრო ხშირად იყენებენ ოფიციალური განცხადებების ან სულაც სხვა ქვეყნის მიმართ მუქარის შემცველი მესიჯის გასახმოვანებლად. კომპანია აქამდეც იყენებდა ცნობილი პირების ავთენტურობის დადგენის მეთოდებს, თუმცა აქამდე მომხმარებლებისთვის გაუგებარი იყო, ვინ იდგა ამა თუ იმ ანგარიშის უკან სინამდვილეში.

ცნობისთვის, ტვიტერმა სამთავრობო მედიასაშუალებებისთვის ფასიანი რეკლამის განთავსების უფლება ერთი წლის წინ შეზღუდა, ხოლო ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ მსგავსი ანგარიშები აღარ გამოჩნდება რეკომენდებულ ტვიტებსა და ძიების შედეგებში.