ციფრულ ეპოქაში ჩვენ ფაქტობრივად ვირტუალურად ვცხოვრობთ. ელექტრონულად ვახდენთ ანგარიშსწორებას, ვიცნობთ ახალ ადამიანებს, ვმუშაობთ დისტანციურად და გვინდა რომ ინსტაგრამზე გვქონდეს მომხიბვლელი ფოტოები. Ჩვენ წარმოგიდგენთ 5 ლოკაციას, რომელიც ინსტაზე განსაკუთრებულად შთამბეჭდავად გამოიყურება.

მოდი დავიწყოთ თბილისით. ბეთლემის ქუჩა ქალაქის ძველ ნაწილში ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, ალბათ სხვების ფოტოებზე შეგიმჩნევიათ ულამაზესი ვიტრაჟებიანი შენობა, თუმცა მიგნებას ვერ ახერხებდით. ის ბეთლემის #13-ში მდებარეობს და არამხოლოდ ერთადერთი სახლია სრულად ვიტრაჟებიანი სადარბაზოთი, არამედ გამორჩეულია ეზოს მხარეს არსებული ბანითაც, რომლის წინ აყვავებული ხეები საოცარ სურნელს აფრქვევს და ნებისმიერ მნახეველს მოაჯადოვებს.

ფოტო: tbilisi times

შემდეგი გაჩერება თბილისისგან შორს-შორს, არც მეტი არც ნაკლები ლეჩხუმში გვაქვს. აქ ლაილაშის აუზია. როდესაც რაჭიდან ლეჩხუმში გადაუხვევ, აუზამდეც თვალწარმტაცი სანახაობა გელოდება — მთებში ჩაკარგული ლაჯანურის წყალსაცავი, საირმის სვეტები და ულამაზესი გზები, რომლებიც არამხოლოდ ტაძრამდე, არამედ მთაზე ჩამოკიდებულ აუზამდეც მიგიყვანს. აუზი საკმაოდ პატარაა და ერთდროულად ბევრ ადამიანს ვერ იტევს, ამასთანავე კადრში შემოჭრილმა პირებმა შეიძლება შენი საინსტაგრამე ფოტოები გააფუჭონ, ამიტომ სჯობს დილით ადრე მიხვიდე. აუზში ცურვით შეიძლება განსაკუთრებული შეგრძნებები ვერ მიიღო, თუმცა ინსტაგრამზე შენი ყველას შეშურდება.

ფოტო: David Ramazashvili / pinterest

ლეჩხუმიდან შორს აღარ წახვიდე და შოვს მივადგეთ. შოვი წიწვოვანი ტყით, ანკარა მდინარით და ცაში აზიდული მყინვარებით მთლიანად საოცრებაა, თუმცა შოვის ბოლოში არის ერთი გამორჩეული სახლი. ამ შენობას ზოგი სტალინის სასახლედ მოისხენიებს, ზოგმაც რომანოვები შეასახლა რატომღაც, თუმცა სინამდვილეში არც ერთს და მითუმეტეს არც მეორეს ფეხიც არ დაუდგამს ამ კურორტზე. შოვის მშენებლობა ამბროლაურელ შაშმე ლეჟავას სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც ევროპული განათლება მიიღო, მეოცე საუკუნის 20-იან წლებში კურორტის მშენებლობა დაიწყო და 1929 წელს საზეიმოდ გაიხსნა. საკუთრივ სანატორიუმის მშენებლობას 1925 წელს ჩაეყარა საფუძველი. შენობას დღემდე ეტყობა ძველი დიდების კვალი და ამ მდგომარეობაშიც ხიბლავს ვიზიტორებს.

ფოტო: ბილი ბილიხოძე / Helloblog

ახლა საქართველოს სამხრეთში გადავინაცვლოთ, კერძოდ ნინოწმინაში დუხობორების საოცარ სოფელში — გორელოვკა. დუხობორები სულით ან სულთვის მებრძოლს ნიშნავს და ის რუსული მართლმადიდებლობის უკიდურესად პროტესტანტული კონფესიაა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს 2000-ზე მეტმა დუხობორმა ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვა, რისთვისაც ისინი დასაჯეს და საქართველოსა და ციმბირში გადაასახლეს. დუხობორების სახლები ფერადი ორნამენტებიანი ფასადებით გამოირჩევა, ხოლო მათგან გამორჩეულად მოხდენილი გორელოვკაში მდებარე სოფლის სალოცავია.

ფოტო: Turebi.ge

ბოლოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი, კოლხეთის ეროვნული პარკი შემოგინახეთ. აქ შეგიძლია პალიატომის ტბაზე და მის ვიწრო არხებში ნავით გაისეირნო, ბოლოს კი ტბის პირას განთავსებულ კუსკუსა ტურისტულ თავშესაფაში შეგიძლია განთავსდე და ფოტოების გადაღებით გული იჯერო.

ფოტო: საქართველოს ეროვნული პარკები

მთაში, ბარში თუ ზღვაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლია მარტივად ნახო საშენო დასასვენებელი სახლი rent.myhome.ge-ზე. ახალი პლატფორმის მეშვეობით ონლაინ დაჯავშნი შენთვის სასურველ ნებისმიერი ტიპის ქონებას, ეს იქნება ბინა, კოტეჯი თუ აგარაკი და ვებგვერდიდან გაუსვლელად მიიღებ ინფორმაციას სხვა დამატებითი სერვისების შესახებ.