"ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ძალიან თავმდაბალი პოლიტიკური გუნდი. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ ისეთს, რომელიც არც ხმაურდება და არც ზედმეტი თვითპიარით ვართ გატაცებულები" — ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციათა კრიტიკასაც უპასუხა, რომლებიც აცხადებენ, რომ მთავრობის დახმარების გაცემისას ბიძინა ივანიშვილის StopCov ფონდში შეტანილ 100 მილიონზე აპელირება მოსახლეობაში არაერთგვაროვან განცდას აჩენს, თითქოს ეს მისი კეთილი ნებაა.

"100 მილიონი რომ ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა ფონდში, ეს ფაქტია და არაფერი დაშავდება კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას. მე მოხარული ვარ, რომ შინაარსობრივად ვერავინ ვერ გვედავება ვერაფერს, ესეიგი სწორად ვიქცევით", — განაცხადა ნათია თურნავამ.

გუშინ, 6 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პერიოდში მოქალაქეების კომპენსაციის ფარგლებში 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს 17 ასაკის წლამდე ყველ ბავშვი, გახანგრძლივდება კომუნალური გადასახადების პროგრამა, კომპენსაციას მიიღებენ ის თვითდასაქმებულებიც, რომლებსაც არასრული დოკუმენტაცია ჰქონდათ და ასევე, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასური აუნაზღაურდებათ.

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ინიციატივას არჩევნებთან კავშირი არ აქვს და მოსალოდნელი იყო ოპოზიციის მხრიდან ამით სპეკულირება.