შინაგან საქმეთა სამინისტროში ბაჩალიაშვილებისა და მათი ადვოკატის შეხვედრა დასრულდა. როგორც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, თანხა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილს საბანკო ანგარიშზე ჰქონდა, სახელფასო ტრანზაქციებია.

"მისი ხელფასებიდან ტრანზაქციები განხორციელებულია, იგი აგროვებდა თანხას, რომ სასწავლებლად საზღვარგარეთ წასულიყო. საუბრები იყო, რომ ვითომ ჩარიცხულია დიდი რაოდენობის თანხა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ექსპერტიზით დამტკიცა, ფურცელზე წარწა თამარისია, მაგრამ, გამოსაკვლევია, როდის დაიწერა. ყველა საგამოძიებო მოქმედება დაჩქარებული წესით უნდა განხორციელდეს", — ამბობს მიხეილ რამიშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათი თქმით, დაკარგულის ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა.

დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.