გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ ბენზინის 252 სინჯიდან დადგენილ ნორმებს ერთი ნიმუში ვერ აკმაყოფილებს.

უწყების განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, 251 ავტოგასამართი სადგურიდან 252 ერთეული რეგულარის მარკის ბენზინის საწვავის სინჯი მიმდინარე წლის მაისში აიღეს. სინჯები შემდგომი კვლევისათვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიგზავნა.

"კვლევის შედეგადაც დადგინა, რომ 252 სინჯიდან, მხოლოდ ერთი ნიმუში ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას. კერძოდ, რეგულარის მარკის ბენზინის ნიმუშში, ოქტანური რიცხვის მნიშვნელობამ შეადგინა 90 (ნორმა: არანაკლებ 91)", — აღნიშნულია განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება უკვე მოახდინეს.