კომპანია ZAG-ის დირექტორის, თამარ კობერიძის სახლს სამართალდამცავები ჩხრეკენ. მის სახლთან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. ეს ის კომპანიაა, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, ამტკიცებს, რომ თამარის სიკვდილი სწორედ ამ კომპანიას უკავშირდება.

თამარ კობერიძის ადვოკატი აცხადებს, რომ კითხვები აქვს საგამოძიებო ორგანოსთან — ჩატარდა თუ არა ჩხრეკა ბაჩანა ლობჟანიძის სახლშიც. მისივე თქმით, ეს არის ლობჟანიძის მითითებებით და მინიშნებებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

"შემოვიდნენ პირად ჩხრეკაზე. ვნახავ განჩინებას, ჯერ არ მინახავს. ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ და რა უნდათ კიდევ, ნამდვილად არ ვიცი.

ამასთანავე, მებადება კითხვა, ბაჩანას მითითებებით და მინიშნებებით თუ ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, არ ვიცი რისი მიღწევა უნდათ. მაქვს კითხვა საგამოძიებო ორგანოსთან — არის თუ არა თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩატარებული ჩხრეკა და მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი გამოძიებები", — ამბობს კომპანია ZAG-ის ადვოკატი, ქეთევან მირიანაშვილი.

მისივე თქმით, სამართალდამცავები პარალელურ რეჟიმში ZAG-ის ყველა თანამშრომლის პირად სახლებს ჩხრეკენ.

"მე როგორც ადვოკატი, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არ არის ეს საქმესთან რამენაირ კავშირში. რა ინფორმაციას ეძებენ და რა სურთ, ვერ გეტყვით", — აცხადებს ადვოკატი.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ჯერ კიდევ ძებნის პროცესში გამოძიებამ ამოიღო ბაჩალიაშვილის კომპიუტერი, თუმცა ოჯახი აცხადებდა, რომ მისი გახსნა ვერ შეძლეს. მოგვიანებით კი მამამ მედიასთან თქვა, რომ პოლიციელის თქმით, მისი შვილი "დიდ შარში იყო". ოჯახის ადვოკატი კომპიუტერის გახსნის პროცესზე დასწრებას ითხოვდა, თუმცა, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ლუქი მის გარეშე მოხსნეს.