ტრიასული პერიოდის რეპტილიის, Tanystropheus-ის უჩვეულოდ გრძელი კისერი პალეონტოლოგებს დაახლოებით 170 წელიწადი ძალიან აბნევდა. თუმცა ახლახან მათ რეპტილიის დამტვრეულ ძვლებს კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს და ცხოველის გარშემო არსებულ რამდენიმე კითხვას პასუხი გასცეს.

Tanystropheus სიგრძეში 5 მეტრი იყო, რის მესამედ ნაწილს კუდი შეადგენდა, მეოთხედს — სხეული. აი, დანარჩენი სიგრძე კი მთლიანად კისერზე მოდიოდა.

"ეს რეპტილიები ჯმუხი და ძალიან ძალიან გრძელი კისრის მქონე ნიანგებივით გამოიყურებოდნენ", — განაცხადა პალეონტოლოგმა ოლივიერ რიეპელმა.

სახეობის ერთ-ერთი უცნაურობა მისი კისრის ძვლების ფორმაა. გველებისა და ხვლიკებისგან განსხვავებით, მისი კისრის მალები ჟირაფის მალებივით გაწელილია. 1852 წელს, როდესაც მსგავსი ძვლები პირველად აღმოაჩინეს, ეგონათ, რომ იგი მფრინავი ხვლიკის, პტეროზავრის ფრთებს ეკუთვნოდა.

გაურკვევლობას იწვევდა ისიც, რომ ყველა აღმოჩენილი ინდივიდი ნიანგის ზომის სულაც არაა. ზოგიერთი ბევრად პატარაა და მკვლევრებმა ზუსტად არ იცოდნენ, ეს ინდივიდები, უბრალოდ, ახალგაზრდები იყვნენ თუ საერთოდ სხვა სახეობას წარმოადგენდნენ.

ფოტო: Current Biology

პალეონტოლოგებისთვის ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა — ჯუჯა სახეობების ნამარხები, შესაძლოა, სხვა სახეობების ახალგაზრდა წარმომადგენლებისას ძალიან ჰგავდეს. მათი განცალკევება იმ მინიშნებებზე დაკვირვებით ხდება, რომლებსაც შეუძლია გვითხრას, ძვლები ბოლომდე ჩამოყალიბებულია თუ არა.

საბედნიეროდ, ამ მინიშნებების პოვნა ნამარხების სიღრმეშია შესაძლებელი. სწორედ ამ მიზნით, რიეპელმა და მისმა კოლეგებმა Tanystropheus-ის ძვლებზე რენტგენის სხივები გამოიყენეს და 3D მოდელები შექმნეს.

როგორც აღმოჩნდა, ნაპოვნი პატარა ინდივიდების ძვლები ნამდვილად ზრდასრულ ცხოველს ეკუთვნოდა, რაც ნიშნავს, რომ საქმე ორ განსხვავებულ სახეობასთან გვაქვს. იმისთვის, რომ ისინი ერთმანეთისგან გაერჩიათ, გუნდმა დიდს T. hydroides, პატარას კი T. longobardicus უწოდა.

"ჩვენ შევძელით, რომ დამსხვრეული თავის ქალიდან თითქმის სრული 3D რეკონსტრუქცია შეგვექმნა და კრიტიკული მნიშვნელობის მორფოლოგიური დეტალები გამოგვევლინა", — აცხადებენ მკვლევრები.

რეკონსტრუქციის შედეგად, როგორც იქნა, საბოლოოდ დამტკიცდა, რომ Tanystropheus წყალშიც კომფორტულად ბინადრობდა.

რეპტილიის თავის ქალას ზემოთა ნაწილში, ნიანგის მსგავსად, ნესტოები ჰქონდა. ეს წყალში ჩამსაფრებელი მტაცებლისთვის დამახასიათებელი ნიშანია. ამგვარად განლაგებული ნესტოები ფილტვებს ჰაერით იქამდე ამარაგებს, სანამ მტაცებელი მსხვერპლის მოსვლას ელოდება.

"პატარა სახეობა პატარა ნიჟარიანი ცხოველებით იკვებებოდა — მაგალითად, კრევეტით. დიდები კი თევზებსა და კალმარებს ჭამდნენ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან ჩვენ გვეგონა, რომ უცნაური გრძელი კისერი მხოლოდ ერთი კონკრეტული დავალებისთვის იყო განკუთვნილი — ისე, როგორც ეს ჟირაფის შემთხვევაშია. თუმცა, როგორც ირკვევა, მისი ქონა ცხოველს სხვადასხვა გარემოში არსებობის საშუალებას აძლევდა. ეს საერთოდ ცვლის ჩვენს შეხედულებებს ამ სახეობის მიმართ", — წერენ მკვლევრები.

ფაქტი, რომ ორივე სახეობა გრძელ სხეულს სხვადასხვა მიზნით იყენებდა, იმ დაშვებას ხდის შესაძლებელს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოში თანაცხოვრობდნენ.

ფოტო: Emma Finley-Jacob

ჩვენ ახლა უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ცხოველის ნიანგისებრი სხეული, რომელიც 242 მილიონი წლის წინ მეჩხერი წყლის ფსკერზე წევს, მისი თავი ზედაპირზეა ამოყოფილი და მსხვერპლის გამოჩენას ელოდება.

კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.