პრეისტორიული ჭიანჭველის სახეობას, Ceratomyrmex ellenbergeri-ს მეცნიერები ხშირად მეტსახელად "ჯოჯოხეთის ჭიანჭველას" ეძახიან. მილიონობით წლის წინ გადაშენებულ ამ მწერს სახეზე ცელისებრი კაუჭი ჰქონდა, რომლითაც ის ნადირობდა.

ამჯერად მეცნიერებმა 99 მილიონი წლის ქარვაში გაჭედილი ჭიანჭველა თავის მსხვერპლთან, პატარა პრეისტორიულ ტარაკანასთან ერთად იპოვეს.

ცხოველი უშუალოდ ნადირობის პროცესშია გაშეშებული. მსგავსი ნამარხები კვლევის ავტორის, ფილიპ ბარდენის თქმით, ძალიან ძალიან იშვიათია.

"პალეონტოლოგები ძველი ადაპტაციის მექანიზმების შესახებ ხშირად ვსპეკულირებთ, უძველესი მტაცებლის ნადირობის აქტში ხილვა ფასდაუდებელია".

ფოტო: Barden et al., Current Biology, 2020

აღსანიშნავია, რომ ჭიანჭველა ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ცხოველია. ამ დროისთვის მეცნიერებს მისი 12 500 სახეობა აქვთ ნაპოვნი. თუმცა მკვლევრები ვარაუდობენ, რომ დამატებით 10 ათასი სახეობა არსებობს, რომლებიც ჯერ არ აღმოგვიჩენია.

მრავალფეროვნების მიუხედავად, არცერთი ამჟამინდელი სახეობა პრეისტორიულ ჭიანჭველას არ ჰგავს. მეტიც, ჯოჯოხეთის ჭიანჭველის პირის ნაწილები არცერთი სხვა ცოცხალი მწერის პირსაც კი არ ჰგავს. თანამედროვე ჭიანჭველებისგან განსხვავებით, უძველეს ჭიანჭველებს პირი ვერტიკალურად ჰქონდათ მოთავსებული და ნადირობისთვის სპეციალურ კაუჭს იყენებდნენ.

ამ დროისთვის არავინ იცის, რატომ გადაშენდა ჯოჯოხეთის ჭიანჭველა. სავარაუდოდ, მათმა ნადირობის მეთოდმა დროს ვერ გაუძლო.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.