დასაქმებული ადამიანების უმეტესობა ყოველდღიურად დროის მნიშვნელოვან ნაწილს ოფისში ატარებს, რის გამოც იქაურობას მეორე სახლივით ვეჩვევით.

სწორედ ამიტომაც განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორია სამუშაო გარემო: რამდენად მოსახერხებელია, ვგრძნობთ თუ არ იქ თავს მყუდროდ და ხომ არ გვიქმნის რამე დისკომფორტს.

კარგი დამსაქმებლები ცდილობენ კიდეც, რომ სამუშაო სტრესის შესამცირებლად თანამშრომლებს მაქსიმალურად სასურველი გარემო შეუქმნან, თუმცა ბრიტანულმა კომპანია Brother UK-მ კიდევ უფრო ჯადოსნური შესაძლებლობები გადაგვიშალა თვალწინ: როგორი იქნებოდა ოფისები, ჩვენი საყვარელი რეჟისორების დიზაინით რომ შექმნილიყო?

თუ ამაზე ფიქრიც კი გაჭირთ, ეს შთამბეჭდავი ვიზუალები დაგეხმარებათ მათ წარმოდგენაში:

უეს ანდერსონი

ფოტო: Brother UK

ეს ოფისი პერფექციონისტებისთვისაა შექმნილი: ყველაფერს მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ადგილი აქვს და ყავის ჭიქასაც კი ვერ დადებთ ყველგან, სადაც მოგესურვებათ — ასე ხომ მთელ სიმეტრიას გააფუჭებთ.

ტიმ ბარტონი

ფოტო: Brother UK

ამ გარემოში განსაკუთრებულად კარგად თავს ის თანამშრომლები იგრძნობდნენ, ვისაც დაბალი განათება, მუქი ფერები და გოთიკა იზიდავს. მოკლედ, ისინი, ვისაც ტიმ ბარტონის შემოქმედება უყვარს. თანაც ყოველთვის გექნებათ შეგრძნება, რომ საიდანღაც ჩეშირის კატა გიღიმით და ფიქრობს: "მე გიჟი ვარ, შენც გიჟი ხარ — აქ ყველანი გიჟები ვართ".

ჰაიაო მიაძაკი

ფოტო: Brother UK

გარდა იმისა, რომ ტრადიციული იაპონური არქიტექტურა ყოველთვის სიამოვნებს თვალს, ვისაც Studio Ghibli-ს ფილმები გვინახავს, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ოფისში ყველაზე გემრიელი ლანჩი იქნებოდა.

გილერმო დელ ტორო

ფოტო: Brother UK

თუ გიყვართ კონტრასტები — ერთდროულად ძალიან თანამედროვე და ამავდროულად ზღაპრულად ჯადოსნურის შერწყმა, მაშინ გილერმო დელ ტოროს დიზაინით შექმნილი გარემო თქვენი საოცნებო ადგილი გახდებოდა.

ბაზ ლურმანი

ფოტო: Brother UK

ვისაც რეტრო სტილი იზიდავს, მაშინ მულენ რუჟისა და დიდი გეტსბის ელემენტებით შექმნილი ეს ოფისი მისთვის ნამდვილი სამოთხე იქნებოდა.

სტენლი კუბრიკი

ფოტო: Brother UK

როცა ამ ოფისში შეაბიჯებთ, ნამდვილი კოსმოსური ოდისეა დაიწყება. ოღონდ ლიფტებთან ფრთხილად იყავით: შეიძლება სისხლის ზღვამ ამოხეთქოს.