გიორგი გახარია აგვვისტოს ომის 12 წლის თავს სოციალურ ქსელ "ტვიტერის" მეშვეობითაც გამოეხმაურა.

"ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ჯარისკაცებსა და სამოქალაქო პირებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე ჩვენი სამშობლოს დასაცავად გაწირეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავისი დესაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ეს ომი თითოეული ქართველისთვის მოუშუშებელ ჭრილობად რჩება" — წერს გახარია.

აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფლებს, დაიკავა როკის გვირაბი. საქართველომ რუსულ აგრესიას უპასუხა. ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

IDFI-ის ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა. 2009-2015 წლებში კი, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა ჯამში 18 679 ოჯახს.

2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით. საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები.