ადამიანის გენომში ათობით ათასი ინდივიდუალური გენია. ისინი ჩვენი ორგანიზმისთვის ერთგვარი კოდის ფუნქციას ასრულებენ, საიდანაც ჩვენი სხეული ცილებს წარმოქმნის, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელი კომპონენტია.

თითოეულ გენს თავისი ასოციფრული სახელი აქვს. გენების დასახელებისას მეცნიერები უცნაურ პრობლემას გადააწყდნენ: Microsoft Excel ზოგი გენის შემოკლებულ სახელს კალენდრულ თარიღებად აღიქვამდა.

მაგალითისთვის, "მემბრასთან ასოცირებული წრიული-CH-ტიპის თითი 1", რომელსაც ინგლისურად Membrane Associated Ring-CH-Type Finger 1 ეწოდება, შემოკლებით MARCH1-თად იწერება, რასაც ექსელი, უბრალოდ, პირველ მარტად აღიქვამს. ამ სახელწოდების ექსელში ჩაწერისას ავტომატურად 1-Mar იწერება.

გენეტიკის მკვლევრებს და ზოგადად ბიოლოგებსაც ექსელის გამოყენება ხშირად უწევთ. პროგრამის მსგავსი "შეცდომა" კი მკვლევრების მუშაობას აფერხებს. 2016 წელს ჩატარებულ კვლევაში 3 597 სამეცნიერო სტატიის ანალიზმა აჩვენა, რომ მათი მეხუთედი Excel-ის მიერ დაშვებულ შეცდომებს შეიცავს.

კიდევ უფრო გამაღიზიანებელი ისაა, რომ Excel-ში ავტომატური ფორმატირების გამორთვა შეუძლებელია, ამიტომ როგორც უნდა მოინდომოთ, უჯრაში MARCH-1-ის ჩაწერისას, მაინც 1-Mar დაიწერება.

ამის გამო HUGO გენის ნომენკლატურის კომიტეტმა (HGNC), რომელიც გენების დასახელების სტანდარტიზაციას აკეთებს, გენებისთვის სახელების შეცვლა გადაწყვიტა. MARCH1 ახლა MARCHF1-ად იწერება, SEPT1 კი SEPTIN1-თად და ა.შ.

ბოლო წლის მანძილზე HGNC-მ 27 გენის დასახელება შეცვალა. აღსანიშნავია, რომ სტანდარტიზაციის შემოღებამდე მეცნიერები გენებს რასაც მოესურვებოდათ, იმას არქმევდნენ; მაგალითად, ერთ გენს "ზღარბი სონიკი" ჰქვია.