საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ევროპამ მკაფიო მესიჯი უნდა გაუგზავნოს რუსეთს, რომ მის ტერიტორიაზე თავდასხმა არ დარჩება დაუსჯელი. ასევე, მას აუცილებლად მიაჩნია რუსეთ-საქართველოს და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ყურადღების ცენტრში დარჩეს.

დავით ზალკალიანმა რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით მოსაზრება EURACTIV-ზე გამოაქვეყნა. მინისტრის განცხადებით, ბოლო 12 წლის მანძილზე, ორი ისტორიული რეგიონის — აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციის გამო, საქართველოს დაძაბულ პირობებში უწევს ცხოვრება.

"2008 წლის აგვისტოს ომი ევროპის საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია მცდელობა იყო, რამაც რეგიონში მთელი რიგი მოვლენები გამოიწვია და დრამატული ზემოქმედება იქონია უსაფრთხოებაზე და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ძირი გამოუთხარა", — წერს მინისტრი.

მისივე თქმით, არასწორია მოსაზრება, რომ შეიარაღებული ქვედანაყოფის არყოფნა ქვეყანაში მშვიდობის ექვივალენტია, რადგან ქართველების ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაციის, სიცოცხლის ხელყოფის, წამების, გატაცებების, უკანონო თავისუფლების აღკვეთის, გადაადგილების თავისუფლების წართმევით, საკუთარ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვით და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დარღვევის კონტექსტში ეს მდგომარეობა მშვიდობისგან შორსაა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ Covid-19-ის პანდემიის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ. ზალკალიანი მიუთითებს ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციის კამპანებზეც.

"ქვეყნის დესტაბილიზაციისგან მიმართული და საქართველოს მისი ისტორიული არჩევანიდან გადახრის ამ მზარდი და მიზანმიმართული მცდელობების პასუხად, საქართველოს მთავრობა წინ მიიწევს დემოკრატის კონსოლიდაციისკენ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციისკენ", — წერს ზალკალიანი.

მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ მოხერხდა დახმარების აღმოჩენა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები Covid-ით ინფორმირებული მოსახლეობის ნაწილისთვის, ხოლო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აგრძელებს დახმარებაზე უარის თქმას.

აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფლებს, დაიკავა როკის გვირაბი. საქართველომ რუსულ აგრესიას უპასუხა. ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

IDFI-ის ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა. 2009-2015 წლებში კი, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა ჯამში 18 679 ოჯახს.

2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით. საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები