ლიბანის ხელისუფლებამ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების საქმეზე 16 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულია პორტის მენეჯერიც.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებამ უკვე 18-ზე მეტი პორტისა და საბაჟო სამსახურის თანამშრომელი დაკითხა, 16 პირი კი პატიმრობაში დატოვა. მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

4 აგვისტოს ღამით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია სულ მცირე 137 ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა 300 000 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 5 000-ს აჭარბებს.

აფეთქების გამომწვევ მიზეზად თავდაპირველად რამდენიმე ვერსია გავრცელდა. საუბარი იყო პიროტექნიკის აფეთქებაზე, სხვა ადვილად ფეთქებად ნივთიერებებზეც, თუმცა ოფიციალური პირები საწყობში 6 წლის მანძილზე შენახულ ძლიერ ფეთქებად ნივთიერებებზე საუბრობენ.

საქართველოს საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ბეირუთში აფეთქდა, იქ 2013 წელს, ბათუმიდან მოხვდა. უწყებაში განმარტავენ, რომ გემი, რომელიც ახორციელებდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა), ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციამ დააკავა. საუბარია მოლდოვას დროშით მცურავ მშრალტვირთმზიდ Rhosus-ზე.