სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბაჩალიაშვილების ოჯახთან დაკავშირებით გავრცელებული დოკუმენტების გამჟღავნების კანონიერებისა და შესაბამის დაწესებულებებში მათი უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომების შესწავლა დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განმარტებით, საქმე ეხება სასამართლო განჩინებებისა და ექიმის ჩანაწერის გასაჯაროვებას.

"შემოწმებას დაექვემდებარებიან ის პირები ან/და დაწესებულებები, რომლებსაც შესაძლოა წვდომა ჰქონდათ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებზე და რომელთა მხრიდან მონაცემთა დამუშავება ექცევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციაში. შემოწმება წარიმართება შემჭიდროებულ ვადაში.

მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი არ ვრცელდება მონაცემთა მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით დამუშავებაზე, მნიშვნელოვანია მედიასაშუალებებმა გაითვალისწინონ და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას", — ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებისას საფრთხე ექმნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, მით უფრო, იმ შემთხვევაში როდესაც ხდება განსაკუთრებული კატეგორიის, სენსიტიური მონაცემების გასაჯაროება.

დღეს, რამდენიმე მედიამ თამარ ბაჩალიაშვილისა და მისი მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი პირადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები გამოაქვეყნა.