საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება. მან ამის შესახებ TV Imedi-ს ეთერში ისაუბრა.

"დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე, დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეკრების შემდეგ, მოხდება პირველიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, რეგისტრაციისთვის საჭირო იქნება ბავშვისა და მშობლის სრული მონაცემები, რათა თანხა კონკრეტულად იმ ოჯახში მივიდეს, სადაც ეს ბავშვი ცხოვრობს.

"მთავრობას ესაჭიროება სრული მონაცემები. კონკრეტულად, მშობლის ანგარიშის ნომერი, ასევე, თუ ვინ არის მეურვე ბავშვის, იმისთვის, რომ შევძლოთ და საჭირო თანხა ვხარჯოთ მიზნობრივად და ეს თანხა მივიდეს კონკრეტულად იმ ბავშვთან და მშობელთან, სადაც ცხოვრობს ბავშვი", — განმარტა ტიკარაძემ.

დღეს, 6 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პერიოდში მოქალაქეების კომპენსაციის ფარგლებში 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს 17 ასაკის წლამდე ყველ ბავშვი, გახანგრძლივდება კომუნალური გადასახადების პროგრამა, კომპენსაციას მიიღებენ ის თვითდასაქმებულებიც, რომლებსაც არასრული დოკუმენტაცია ჰქონდათ და ასევე, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასური აუნაზღაურდებათ.

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ინიციატივას არჩევნებთან კავშირი არ აქვს და მოსალოდნელი იყო ოპოზიციის მხრიდან ამით სპეკულირება.

მისივე განცხადებით, "შევდივართ გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში". მისივე თქმით, თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოუწევთ