საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, ზუგდიდში ყინულის მოედნის მოწყობაზე დღემდე 7 996 496 ლარი დაიხარჯა. მშენებლობის პროცესი, 2007 წელს დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა.

TI-ის ცნობით, ყინულის მოედანზე სამშენებლო სამუშაოები, სხვადასხვა დროს, ორჯერ ჩატარდა და წელს მას მესამედ მოაწყობენ.

მათივე ინფორმაციით, პირველად, 2007 წელს, მოედნის რეაბილიტაციისთვის 1,4 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა 2011 წელს დაშალეს და საჩუქრად ქუთაისი მუნიციპალიტეტს გადასცეს.

მეორედ, თუმცა, ამჯერად, ოლიმპიური სტანდარტების ყინულის მოედნის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და დღემდე ხარჯი 6 381 796 ლარამდე გაიზარდა.

TI-ის განცხადებიდან ვიგებთ, რომ 2020 წელს მოედნის ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა და მისი დემონტაჟისთვის, დამატებით, 214 700 ლარი დაიხარჯა. ასევე ვკითხულობთ, რომ ყინულის მოედნის მშენებლობა და რეაბილიტაცია სხვადასხვა დროს როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდებოდა.

ყინულის მოედანი ახლა სხვა ტერიტორიაზე, კერძოდ, ყოფილი "კომკავშირის პარკში" აშენდება, თუმცა, TI-ის ცნობით, მისი მშენებლობის ზუსტი ღირებულება მუნიციპალიტეტს ჯერ არ დაუანგარიშებია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო განმარტებით, მნიშვნელოვანია, შეისწავლონ ზუგდიდის ყინულის მოედნის მშენებლობის პროცესი, რათა დადგინდეს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები. მათივე განცახდებით, აუცილებელია, ამჯერად ხარისხიანად აშენდეს მოედანი და გამოირიცხოს ფინანსური რესურსების არაეფექტური ხარჯვა.