ეს წითელი ტროპიკული მცენარე ტყის ხშირი ბინადარი ნამდვილად არ არის. სინამდვილეში, ის ძალიან იშვიათი პარაზიტია, რომელიც "საცეცებით" სხვა მცენარეების ფესვებს ემაგრება და მათგან მიწიდან მოპოვებულ საკვებს იპარავს.

Langsdorffia, მეტსახელად "ვამპირი მცენარე", ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაში, ისევე როგორც მადაგასკარში და პაპუა ახალ გვინეაში ბინადრობს და გამორჩეული წითელი ყვავილი აქვს. ამ დროისთვის Langsdroffia-ს ოთხი სახეობა არსებობს და ისინი ჰოლოპარაზიტები არიან, ანუ მათ ფოტოსინთეზი არ შეუძლიათ და საკვებ საშუალებებს სხვა მცენარეებს პარავენ.

იმის გამო, რომ მცენარე ქლოროფილს არ შეიცავს, მას წითელი შეფერილობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს წითელი ვამპირი სხვა მცენარეებისთვის საშიშია, ადამიანებისთვის ის მავნებელი არაა.

წითელი ვამპირი სხვა მცენარის ფესვებს "საცეცებით" ემაგრება

წითელი ვამპირი სხვა მცენარის ფესვებს "საცეცებით" ემაგრება

ფოტო: Thorogood and Santos, 2020, Plants, People, Planet.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მცენარის შესახებ ძალიან ცოტა ვიცით. მისი ყვავილობა გარშემო მცენარეების სიკვდილს უკავშირდება, თუმცა Langsdorffia-ს ადგილი ეკოსისტემაში ამ დრომდე უცნობია. მცენარის გარშემო არსებული იდუმალება ნაწილობრივ იმითაა განპირობებული, რომ ის ბუნებაში ძალიან იშვიათია და საკმაოდ მიუვალ, მშრალ ადგილებში იზრდება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი კრის თოროგუდი მიიჩნევს, რომ "ვამპირი მცენარე" უკეთ შესწავლისთვის ბოტანიკურ ბაღებშიც უნდა გაზარდონ.

ფოტო: Fábio Júnio Santos Fonseca CC BY-SA 3.0

"სხვა პარაზიტი მცენარეების მსგავსად, ბოტანიკურ ბაღებში იშვიათად გვხვდება, არადა საინტერესო კვლევის ობიექტია".

აღსანიშნავია, რომ ეს მცენარე გამრავლებისთვის სპეციალურ ნექტარს გამოყოფს, რომელიც მტვრის გადამტან ფრინველებს და მწერებს იზიდავს. ისიც საინტერესოა, რომ Langsdorffia-ს მამრი და მდედრი წარმომადგენლები ნექტარს სხვადასხვანაირად გამოყოფენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარე ძალიან იშვიათია, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორი კონსერვაციით, მოგვიანებით მის კულტივაციას შევძლებთ.