თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. მისივე თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები დამატებით სემესტრულად 750 ლარის ოდენობის მინისტრის სტიპენდიას მიიღებენ.

"განათლება თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენი ახალი ინიციატივის თანახმად, სამინისტრო საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროების და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50 პროცენტიან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.

მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სამხედრო მოსამსახურეების, მათი მეუღლეებისა და შვილებისთვის ვაწესებთ სემესტრულ, 750 ლარის ოდენობის მინისტრის სტიპენდიას", —აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, იგი მიესალმება თვდაცვის მინისტრის ინიციატივას, რადგან, მისი თქმით, ეს ინიციატივა ჯარისკაცზე ორიენტირებულ ახალ სოციალურ პოლიტიკას დაუდებს სათავეს. ჩხენკელის თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სამხედრო საქმით დაინტერესებას და სამხედრო მეცნიერების განცითარებას.

"ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას, გულისხმობს მრავალმხრივ განვითარებულ, თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებულ ჯარს, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო საქმეში მომზადებასთან ერთად გამოირჩევიან მაღალი სამოქალაქო შეგნებით, ღრმად აცნობიერებენ სახელმწიფოსა და მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარების ამოცანებს. ამავე დროს, ეს გულისხმობს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისადმი სახელმწიფოს თანადგომას. საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, შეიარაღებული ძალების როლისა და მნიშვნელობის შესახებ.

მივესალმებით თავდაცვის მინისტრის ინიციატივას, რომელიც ჯარისკაცზე ორიენტირებულ ახალ სოციალურ პოლიტიკას დაუდებს სათავეს", — აცხადებს მიხეილ ჩხენკელმა.