საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს საბერძნეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას რამე საფრთხე ემუქრება, "სრული სიცრუეა" და საკითხს ოპოზიცია წინასაარჩევნო სპეკულაციებისთვის იყენებს.

"ხშირად, სამწუხაროდ, ოპოზიცია და ოპონენტები ცდილობენ, რომ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობის საკითხი შემოიტანონ პოლიტიკურ კონტექსტში და წინასაარჩევნო გარემოში. მესმის, რომ ოპოზიციის გარკვეულ პირებს აქვთ დავალება, რომ ამ თემას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და მუდმივად იყოს ამ თემით აპელირება, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, ეფექტური თანამშრომლობა ყველა ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან, მათ შორის, საბერძნეთთანაც მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას ქვეყნის შიგნით არსებულ ეპიდემილოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით", — თქვა ზალკალიანმა.

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც საბერძნეთში საქართველოს ელჩის, დავით დონდუასა და საბერძნეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებს შორის შედგა, ბერძნებმა რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხი დააყენეს. მისი ინფორმაციით, საგარეო უწყებაში ევროკავშირის შიდა დოკუმენტებიც წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, საქართვოლსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს საბერძნეთი აქტიურად მონაწილეობდა. კანდელაკის თქმით, ელჩმა აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტები შესაძლოა ყალბი იყოს, რის გამოც, მისივე განცხადებით, ქვეყნებს შორის უხერხული სიტუაცია შეიქნა.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ესეც "აბსოლუტური" სიცრუეა. რაც შეეხება ევროკავშირის დოკუმენტს, ზალკალიანი აცხადებს, რომ ეს მათთვის ცნობილია.

"მათ შესახებ ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას არა მხოლოდ საბერძნეთისგან, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგანაც. მათ შორის, ბრიუსელისგან, სადაც სხვადასსხვა გადაწყვეტილების მიღება ხდება. ამიტომ, შეხვედრებში ახალი არაფერია და გასაკვირი არაფერია, რომ ელჩი ხვდება ადგილობრივ ხელისუფლებას და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ელჩის პოზიციაც გასაგებია, რადგან ის ამ ქვეყანას წარმოადგენს და სურს, რომ ამ ქვეყნებს შორის არსებობდეს ის რეჟიმი, რაც არსებობს სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით. ის ამჟამად, შვებულებაში იმყოფება და როგორც კი დაბრუნდება, დარწმუნებული ვარ, მიიღებს შესაბამის განმარტებებს. მანამდე საელჩოსთანაც იქნება და არის კომუნიკაცია. არანაირი პრობლემა არ არსებობს ჩვენთვის, მთავარია ჩვენი და მათი მოქალაქეების უსაფრთხოება", — განაცხადა მინისტრმა.