მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციები და ინდივიდუალური აქტივისტები, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადანაშაულებენ იმ სარჩელის განხილვის გაჭიანურებაში, რომელიც პროექტ პანორამა თბილისის წინააღმდეგაა შეტანილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს სარჩელი, რომელიც მიმართულია იმ საკანონმდებლო რეგულაციების გაუქმებისაკენ, რომელმაც შესაძლებელი გახადა თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში ამგვარი ფართო მასშტაბის მშენებლობის ნებართვის გაცემა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების განცხადებით, მეორე თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვა გადადებულია განუსაზღვრელი ვადით, სხდომის სავარაუდო თარიღის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოსარჩელეთათვის მიწოდების გარეშე.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქმისწარმოების ასეთი ფორმით გაჭიანურება არ ემსახურება მართლმსაჯულებისა და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ინტერესებს, გარდა ამისა, საქმის პოლიტიკური სენსიტიურობა და მის მიმართ არსებული დიდი საზოგადოებრივი ინტერესი კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლოს პასუხისმგებლობას გაჭიანურების გარეშე, დროულად და ეფექტიანად განიხილოს აღნიშნული საქმე და გამოიტანოს გადაწყვეტილება.

"ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ სასამართლოს, დროში გაჭიანურების გარეშე ჩანიშნოს სასამართლო სხდომა და აღნიშნული საქმის განხილვა და გადაწყვეტა განახორციელოს ეფექტურად, კანონით დადგენილ ვადებში", - აცხადებენ მოსარჩელეები.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

  • ინიციატივა საჯარო სივრცისათვის;
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო;
  • მწვანე ალტერნატივა;
  • მწვანე მუშტის აქტივისტები;
  • პარტიზანული მებაღეობა თბილისის აქტივისტები;
  • თბილისის ჰამქარის აქტივისტები;