ახალი პლატფორმის, სახელად Critterpedia-ს მიზანს გველებისა და ობობების ამოცნობა წარმოადგენს — ზუსტად ისე, როგორც ამას Shazam მელოდიის შემთხვევაში აკეთებს. აპლიკაცია, რომელიც მალე გახდება მასობრივად ხელმისაწვდომი, ალგორითმის მეშვეობით თქვენ მიერ ატვირთულ ფოტოს საკუთარ ბიბლიოთეკას ადარებს. ავსტრალია ცნობილია ველური ბუნებით, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ იმ აპლიკაციის იდეა, რომელიც ადამიანებს დაეხმარება, საშიში ველური ცხოველები ამოიცნონ და პოტენციური საფრთხე აიცილონ თავიდან, სწორედ ამ ქვეყანაში დაებადათ.

შხამიანია თუ არა შემხვედრი გველი ან ობობა, ერთი შეხედვით რთული დასადგენია. სწორედ ამიტომ მიურეი სკარსიმ ისეთი პლატფორმის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ადამიანებს ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა. ახალი ტექნოლოგია ბიბლიოთეკის სკანირებით მუშაობს, სადაც გველებისა და ობობების ათასობით ფოტოა განთავსებული. იგი თქვენ მიერ გადაღებულ ფოტოს ამ ბიბლიოთეკას ადარებს და სახეობის იდენტიფიცირებას ახდენს.

"ხანდახან ორ სახეობას შორის ვიზუალური სხვაობა, შესაძლოა, ძალიან შეუმჩნეველი იყოს. ჩვენთვის მთავარ გამოწვევას სწორედ ეს წარმოადგენდა, რადგან საჭირო იყო, ალგორითმს დეტალებიც ზუსტად ამოეცნო. ჩვენ თავდაპირველად ზოოლოგებთან ვითანამშრომლეთ, რომლებისგანაც უამრავი ფოტო მივიღეთ. შემდეგ კი ისეთი ალგორითმი შევქმენით, რომელიც ცხოველთა დახარისხებას შეძლებდა", — აცხადებს პროექტში მონაწილე მეთ ედკოკი.

აპლიკაციის შემქმნელები ჯერ კიდევ მუშაობენ იმაზე, რომ სახეობის იდენტიფიცრება ზუსტად მოხდეს, რაც კრიტიკული მნიშვნელობისაა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ავსტრალიის მრავალფეროვან ველურ ბუნებასთან გვაქვს.

ავსტრალიაში გველების დაახლოებით 170 სახეობა გვხვდება, ობობების კი 2 ათასზე მეტი, რომელთაგან ზოგი ერთობ საშიშია და უმჯობესია, მათ ყველა შესაძლო ხერხით თავი ავარიდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცხოველების 90% უვნებელია, მათგან ორი ობობა და 12 გველი იმდენად შხამიანია, რომ ადამიანს მარტივად მოკლავს.

თუკი ფოტოგრაფიით დაინტერესებული ხართ, შეგიძლიათ, ტესტირების პირველი ფაზისთვის დარეგისტრირდეთ. ეს საშუალებას მოგცემთ, ბეტა ვერსია ჩამოიწეროთ და საკუთარი ფოტოებით აპლიკაციის დახვეწაში შეიტანოთ წვლილი.